უახლესი ამბები
- 09.02.2025 15:06საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
- 09.02.2025 13:28პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი
- 09.02.2025 13:07მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- 09.02.2025 13:00USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი _ 4 თებერვალი
წლის მე-35 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 330 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება წმიდა მოციქულ ტიმოთესი (96) და წმიდა მოწამე ანასტასი სპარსისა (628), მოწამე ეპისკოპოსთა: მანუელისა, გიორგისა, პეტრესი და ლეონტისა. ხუცესთა: სიონიასი, იოანესი, ლეონტისა, გაბრიელისა და პაროდისა და მათთან 337-ისა (817).
წმიდა მოციქული ტიმოთე წარმოშობით ლუკაონის მხარის ქალაქ ლისტრადან იყო (მცირე აზია). ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენაზე იგი წმიდა მოციქულმა პავლემ მოაქცია 52 წელს. წმიდა ტიმოთე თავგამოდებული მოწაფე გახდა მოციქულ პავლესი. წმიდანი მისი განუყრელი თანამგზავრი და თანაშემწე იყო სახარების ქადაგებაში. რამდენიმე წლის შემდეგ მოციქული ტიმოთე ეფესის ეკლესიის ეპისკოპოსად აკურთხეს.
ქრისტეს სახელისათვის მოწამებრივი სიკვდილი წმიდა მოციქულმა ტიმოთემ 80 წელს მიიღო. მე-4 საუკუნეში მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და 12 მოციქულის სახელობის ტაძარში დაასვენეს.
წმიდა ღირსმოწამე ანასტასი სპარსელი მხედრად მსახურობდა სპარსთა მეფის, ხოსროვ მეორის ლაშქარში, რომელმაც 614 წელს გაძარცვა წმიდა ქალაქი იერუსალიმი და სპარსეთში წაიღო უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. სასწაულები, რომელნიც ამ წმიდა ჯვარისგან აღესრულებოდა, აოცებდა სპარსელებს და მრავალნი ჭეშმარიტ რწმენაზე მოექცნენ. ჭაბუკი დაინტერესდა ამ სიწმიდის შესახებ, მალე ნათლობა მიიღო, ბერად აღიკვეცა და იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა.
ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს, რომელიც შეურყეველი იყო ჭეშმარიტ რწმენაში, რის გამოც სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
დაიბადნენ:
1831 _ ნიკოლაი ლესკოვი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1895 წელს.
1868 _ სიმონ ესაძე, პირველი კინოსცენარისტი ქართულ კინოხელოვნებაში. გარდაიცვალა 1927 წელს.
1881 _ ფერნან ლეჟე, ფრანგი ფერმწერი. გარდაიცვალა 1955 წელს.
1902 _ ჩარლზ ლინდბერგი, ამერიკელი მფრინავი. 1927 წელს პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს. იფრინა 5800 კმ, რასაც 33 საათი და 30 წთ. მოანდომა. გარდაიცვალა 1989 წელს.
1906 _ კლაიდ უილიამ ტომბო, ამერიკელი ასტრონომი, რომელმაც 1930 წელს აღმოაჩინა მზის სისტემის მეცხრე პლანეტა _ პლუტონი.
1924 _ კონსტანტინე წერეთელი, ენათმეცნიერი და სემიტოლოგი, აკადემიკოსი.
1927 _ რევაზ გამყრელიძე, მათემატიკოსი, აკადემიკოსი.
გარდაიცვალნენ:
1615 _ ჯოვანი ბატისტა პორტა, იტალიელი ფილოსოფოსი.
1919 _ ვასილ როზანოვი, რუსი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი.
1928 _ ანტონ ლორენცი, ნიდერლანდელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მოვლენები:
1797 _ ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქი კიტო. დაიღუპა 40 ათასი ადამიანი.
1945 _ დაიწყო სამი ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოს მთავრობათა მეთაურების (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) იალტის ყირიმის კონფერენცია, რომლის გადაწყვეტილებებმა ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაცია განსაზღვრა.
1948 _ კუნძული ცეილონი (შრი ლანკა) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
1968 _ წყალში ჩაუშვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდი საჰაერო ბალიშზე.
1976 _ ძლიერი მიწისძვრა მოხდა გვატემალაში, რის შედეგადაც დაიღუპა 22 ათასი ადამიანი.
1998 _ ძლიერი მიწისძვრა მოხდა ავღანეთისა და ტაჯიკეთის საზღვართან, რომელმაც სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ღირსსახსოვარი დღეები:
წამების აკრძალვის საერთაშორისო დღე.
შრი ლანკა – დამოუკიდებლობის დღე.