უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
დღის კალენდარი
დღის კალენდარი 2 მაისისთვის 01.05.2012 23:59

წლის 113-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 243 დღე.

საეკლესიო კალენდარი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული, ოთხშაბათი

ხსენება ღირსი მამისა იოანესი, რომელი იყო ხუცესი, ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII); წმიდა მამათა: გიორგი აღმსარებლისა, ანტიოქიის ეპისკოპოსისა (IX); ტრიფონ კონსტანტინეპოლელ პატიარქისა (933); მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელ პატრიარქისა; მოწამეთა: ქრისტეფორესი, თეონასი და ანტიონინესი (303); ღირსი ნიკიფორე აღმსარებლისა.

ღირსი იოანე, ხუცესი პალესტინის ძველი ლავრისა, VIII საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი ხარიტონის სახელობის ლავრაში. წმიდა იოანემ სიჭაბუკეშივე მიატოვა საერო ცხოვრება და იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა. აქ, პალესტინაში, იგი ღირსი ხარიტონის ძველ ლავრაში დასახლდა, სადაც კეთილკრძალული ცხოვრებით დიდ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. ამისთვის იგი ხუცესად აკურთხეს და ამ ხარისხში დიდად განითქვა სახელი წმიდა მოსაგრე ცხოვრებით.

წმიდა მოწამენი: ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე იმპერატორ დიოკლეტიანეს შუბოსანი მხედრები იყვნენ. ისინი ესწრებოდნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის ტანჯვა-წამებას, მოწმენი იყვნენ ღვთის ძალით ქმნილი სასწაულებისა და საკუთარი თვალით იხილეს მტკიცე რწმენა და შეურყეველი სიმხნევე წმიდა გიორგისა. წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე მოწამებრივად აღესრულნენ 303 წელს.

ღირსი ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში. მისმა მშობლებმა, ანდრიამ და თედორამ, ქრისტიანული რწმენით აღზარდეს თავიანთი ძე. მათი გარდაცვალების შემდეგ ჭაბუკმა ნიკიფორემ გლახაკთ დაურიგა მთელი თავისი ქონება, თვითონ კი ქალკედონს გაემგზავრა. იქ იგი წმიდა ანდრიას სახელობის მონასტერში დასახლდა, რადგან მეტად შეუყვარდა სავანის ბერთა მკაცრი ცხოვრება და აქვე მიიღო მონაზვნობა.

წმიდა მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა წარმართთაგან, ცეცხლზე თუ გარეულ ცხოველთაგან. წმიდანს ბოლოს თავი მოჰკვეთეს.

მღვდელმთავარი გიორგი აღმსარებელი, პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი, ხატთმბრძოლი მწვალებლობის დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სიჭაბუკის წლებშივე მიიღო მან მონაზვნობა, სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებით და დადგენილ იქნა პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსად.


წმიდა ხატების დევნის დროს, იმპერატორ ლევ სომეხის მეფობისას, მღვდელმთავარი გიორგი კონსტანტინეპოლს ჩამოვიდა და აქ, ეპისკოპოსთა საეკლესიო კრებაზე შეურიგებლად ამხილებდა ხატთმბრძოლთა მწვალებლობას; იგი იმპერატორსაც მოუწოდებდა დაეტოვებინა მწვალებლობა, რომელსაც დამონებოდა. როცა წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან წმიდა ხატების გატანაზე, იმპერატორის ბრძანებით იგი ექსორია-ჰყვეს. წმიდანი გადასახლებაშივე გარდაიცვალა.

მღვდელმთავარი ტრიფონი, პატრიარქი კონსტანტინეპოლისა, სიჭაბუკიდანვე მონაზონი იყო. იგი გამოირჩეოდა სიმშვიდით, უმანკოებით, სრული დამორჩილებით ღვთის ნებისადმი, მტკიცე რწმენითა და ეკლესიის სიყვარულით. იმ ხანებში ბიზანტიას იმპერატორი რომანი განაგებდა, რომელსაც უნდოდა საპატრიარქო ტახტზე თავისი უმრწამესი ძე თეოფილაქტე აეყვანა. მაგრამ, როცა პატრიარქი სტეფანე გარდაიცვალა, თეოფილაქტე 16 წლის იყო, ამიტომ იმპერატორმა ღირს ტრიფონს შესთავაზა საპატრიარქო ტახტის მცველი ყოფილიყო თეოფილაქტეს სრულწლოვანად გახდომამდე.

ღირსმა ტრიფონმა მორჩილად იტვირთა საპატრიარქო მსახურების მთელი სიმძიმე და სამი წლის განმავლობაში ბრძნულად წარმართავდა ეკლესიის ცხოვრებას.

დაიბადნენ:

1729 — პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტი, რუსეთის მომავალი იმპერატრიცა ეკატერინე II. გარდაიცვალა 1796 წელს.

1771 — ნოვალისი, გერმანელი მწერალ-რომანტიკოსი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1801 წელს.

1854 — თედო ჟორდანია, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1859 — ჯერომ კლაპკა ჯერომი, ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი. გარდაიცვალა 1927 წელს.

1860 — თეოდორ ჰერცლი, სიონიზმის ფუძემდებელი.

1900 — თამარ იშხნელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი. გარდაიცვალა 1994 წელს.

1904 — სალვადორ დალი, ცნობილი მხატვარი. გარდაიცვალა 1989 წელს.

გარდაიცვალნენ:

1519 — ლეონარდო და ვინჩი, აღორძინების ხანის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და მეცნიერი.

1900 — ივან აივაზოვსკი, რუსი ფერმწერი.

მოვლენები:

1509 წელი — ესპანელებმა დააარსეს სან-ხუანი, პუერტო რიკო.

1968 წელი — პარიზში სტუდენტთა მღელვარება დაიწყო.