პოლიტიკა
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყმება და იქნება წარმოდგენილი მისი ერთ-ერთი დეპარტამენტის სახით.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ დაუდასტურეს.
,,განხორციელდება შერწყმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მე მინდა, ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს ვუთხრა, რომ ეს თემა განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, იმიტომ, რომ ეს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სამსახურის კედლებში წლების განმავლობაში, გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე, აღიჭურვება უფრო მაღალი დიპლომატიური სტატუსით და ამ თემებს ექნება უფრო დიდი გამოძახილი’’, - განაცხადა გელა დუმბაძემ.
თავის მხრივ, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, სიტუაციამ აჩვენა, რომ ძირითადი ადრესატი საკითხების ყოველთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
,,ის ინიციატივები, რომელიც ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან დაინერგა, ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ბატონი გელა დუმბაძე არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი, ძალიან გამოცდილი პროფესიონალი, ძალიან ღირებული სახელმწიფოსთვის, მთავრობისთვის და ის შესაბამისად, ამ გამოცდილების და მისი ცოდნის და მიღწევების შესაბამისად მიიღებს იმ როლს სახელმწიფო საქმიანობაში, რაც იქნება განსაზღვრული ძალიან მალე’’, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი