უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 დეკემბერი, 2019 17:50
font-size

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას განმარტებით, „2020 წლიდან დაიწყება კოლეჯის სასწავლო კორპუსების რემონტი, რისთვისაც 5 მლნ ლარია გამოყოფილი.

„ეს პირველი ნაბიჯია, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. უკვე 3 წელია ჩვენი ფაკულტეტის შემადგენლობაში ოფიციალურად ირიცხება დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი, სადაც ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, მიმდინარეობს ოთხი პროფესიული პროგრამის მოდულური სწავლება - მეფუტკრეობა, მევენახეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა და საბუღალტრო აღრიცხვა. ვფიქრობთ, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი ვაქციოთ აგრარული მიმართულების მთავარ ცენტრად დასავლეთ საქართველოში. განაცხადი ამბიციური და სერიოზულია, თუმცა აგრარული მიმართულებით ახალი სპეციალობების დამატება ამაში კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს“.

სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა დაბალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში ის გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1966 წლიდან - საყრდენ-საჩვენებელ და საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1993 წელს - აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯად, 2007 წელს კი - პროფესიული სწავლების ცენტრად, ხოლო 2010 წელს ეს სასწავლებელი გააუქმდა.

1934 წლიდან, ხუთი ათეული წლის მანძილზე, დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს სათავეში ედგა პოლიკარპე მიქაძე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ახალგაზრდების აღზრდასა და სასწავლებლის აღმშენებლობას შეალია.

სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა სპორტი. აქ აღიზარდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯიბილო ნიჟარაძე. ლელოში 14 -გზის საქართველოს ჩემპიონობა, რესპუბლიკურ სპარტაკიადებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მრავალგზის გამარჯვება - ეს სახელოვანი წარსულია.

2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა 18 ერთეულით შეამცირა, მათ შორის იმერეთის რეგიონში - ხუთი სასწავლებლიდან ოთხი გააუქმა. დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ, სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადაეცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ლიკვიდირებული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის სტრუქტურაში დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.

2013 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის - „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ - ფარგლებში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ის დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის გადამზადების კურსები გაიარა 146 მსმენელმა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ის დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის N 1471 დადგენილების საფუძველზე, დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი გამოეყო სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანთმშენებლობის ფაკულტეტს და გადავიდა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურაში.

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის დირექტორი ნუგზარ მიქაძე, სასწავლებლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტს იხსენებს.

_ 2010 წელს გააუქმეს ჩვენი სასწავლებელი, ამ დროს განათლების მინისტრი იყო კახა ლომაია. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში 18 კოლეჯი გააუქმეს საქართველოში, ბოლოს ჩვენც დაგვიბარეს - მეცხრამეტე ვიყავით ამ სიაში. რა თქმა უნდა, ვიკითხეთ მიზეზი. არ დაგვდეს პატივი, პასუხი არ გვითხრეს - ასეა საჭიროო. ამ დროს ჩვენ 500-მდე სტუდენტი გვყავდა. სტუდენტებს ექსტერნად დაამთავრებინეს სწავლა, ეს იყო ბოლო ნაკადი. ჩვენ ვერ შევეგუეთ ამ ფაქტს, დავიწყეთ „კარდაკარ სიარული“, ყველას ვუხსნიდით რომ არ შეიძლებოდა ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებლის გაუქმება. წაიღეს ყველაფერი რაც აქ იყო.

_ ალბათ, პირობები არ იყო და საკმარისი თანხები არ ჰქონდათ?

_ ტექნიკური საშუალებები გვქონდა, ეს იყო მთავარი. რაც შეეხება კორპუსებს, დღეს რა მდგომარეობაცაა, ამაზე უკეთესი ნამდვილად იყო, თუმცა 90-იან წლებში შექმნილი სიტუაციის გამო, თითქმის განადგურდა აქაურობა, აქ დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

_ მხედრიონმაც თავისი კვალი დატოვა...

_ დიახ, სამწუხაროდ. ფაქტიურად, არ დარჩენილა არავინ, ვისაც არ მივმართეთ, იმდენად გვინდოდა სასწავლებლის გადარჩენა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს განახლდა სასწავლო პროცესი, ხუთი პროგრამით. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დააჩქარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

_ დღეს რა მდგომარეობაა სასწავლებელში? როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?

_ დღეს უკვე ჩვენთვის ცნობილია, რომ იწყება კოლეჯის განახლება. მალე დაიწყება კორპუსების რემონტი, აღიჭურვება ახალი, თანამედროვე ტექნიკით და გაიზრდება მისაღები კონტიგენტი. არსებული ვითარება არ არის სახარბიელო - არ გვაქვს გათბობა, გასარემონტებელია აუდიტორიები. მიუხედავად ამისა, ოთხივე პროფესიულ პროგრამაზე გვყავს სტუდენტები - ეს ნამდვილად იმედის მომცემია ჩვენთვის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე გადმოგვეცა კომპიუტერები. მოკლედ, ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ გახდეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ ამ დიდი ცენტრის ოდესღაც არსებობის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან არ შეიტყოს.

„12 საათს გვამუშავებენ ძალიან რთულ პირობებში“ - ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს

23 იანვარი, 2020 , 13:15

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას სთხოვენ. დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის ჩ

ნარინჯისფერი რთველი დასრულდა

22 იანვარი, 2020 , 14:35

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 5

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 40 მლნ ლარით ფინანსდება

18 იანვარი, 2020 , 12:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

15 იანვარი, 2020 , 15:05

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინ

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15 იანვარი, 2020 , 14:30

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტო

რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას

15 იანვარი, 2020 , 12:30

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`