აფხაზეთში, გულრიფშში მდებარე დრანდის ციხიდან წუხელ სამი პატიმარი გაიქცა.
,,აპსნი პრესის” ცნობით, ციხიდან გაქცეულები არიან ბადრი ხაზალია, ბაჩო ხაზალია და ბიძინა ხასია.
ძმები ხაზალიები გალის მაცხოვრებლები არიან, მათ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდნენ.
მათ 2009-2011 წლებში ყაჩაღური თავდასხმები და გალის ტერიტორიიდან ადამიანების გატაცება ედებათ ბრალად.
ბიძინა ხასია ზუგდიდის მცხოვრებია, მას 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის სასჯელს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის იხდიდა, ასევე ბრლად ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა ედებოდა.
მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ციხის უფროსს საპატიმროს კარი გააღებინეს. ციხიდან გამოსვლისთანავე კი ავტომობილი გაიტაცეს. მანქანის პატრონმა მეუღლესთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც გაქცეულებმა ორივე მათგანი დაჭრეს.
გულრიფშის რაიონის ე.წ. პროკურატურამ მომხდარზე ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.



















