კომენტარი
ეკა ბესელიას შეფასებით უკრაინულ და რუსულ მედიაში გავრცელებული ჩანაწერები იუმორისტული ჟანრისაა
ეს არის იუმორისტული ჟანრი. მე ამას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ რუსული და უკრაინული მედიით გავრცელებულ ჩანაწერების კომენტირებისას, რომლებშიც თითქოსდა საქართველო შს მინისტრი ფიგურირებს.
მისი შეფასებით, გამოქვეყნებული ჩანაწერი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება სერიოზული განსჯის საკითხი იყოს.
"ასეთი იუმორისტული შოუს და სკეტჩის ეპიზოდებით შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი დაკავდეს და ბუნებრივია, მე არც მის ავთენტურობაზე ვისაუბრებ. ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება სერიოზული პოლიტიკური განსჯის საგანი გახდეს",- განაცხადა ბესელიამ.
ცნობისათვის, რუსი პრანკერები ამტკიცებენ, რომ მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს.
„ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სტაბილურია, სააკაშვილის დაბრუნება კი მღელვარებას გამოიწვევს.
პრანკერები ინტერნეტში სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ. აუდიოჩანაწერში, პირი, რომელიც, მათივე მტკიცებით, მღებრიშვილია, ამბობს, რომ სააკაშვილის საკითხი პროკურორთან განიხილა, ასევე ის აღნიშნავს, რომ პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე პრეზიდენტსაც (უკრაინის პრეზიდენტს) ესაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურთ.