უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მეექვსე მოადგილედ ქეთევან ბოჭორიშვილი დაინიშნა 20.07.2012 18:53

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რიგით მეექვსე მოადგილედ ქეთევან ბოჭორიშვილი დაინიშნა. მან ეს თანამდებობა 19 ივლისს დაიკავა.

მინისტრის ახალი მოადგილის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა. მის თანახმად, ქეთევან ბოჭორიშვილი წელიწადნახევრის განმავლობაში (2010-2012 წლებში) საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

„ბოჭორიშვილი ამასთანავე დასახელებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი.

ახალი თანამდებობის ფარგლებში ქეთევან ბოჭორიშვილი კვლავ გააგრძელებს მუშაობას ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით“, –– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „მედიანიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ნინო სხირტლაძემ განუცხადა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას კანდიდატურა განიხილება.

„მის დანიშვნაზე შესაბამის განცხადებას ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გააკეთებს“, –– აღნიშნა ნინო სხირტლაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალაის აქამდე 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილის თანამდებობას ირაკლი მატკავა იკავებს, ხოლო მოადგილეები არიან: გიორგი კარბელაშვილი, დავით გიორგაძე, მიხეილ ჯანელიძე და ნათია მიქაძე.