პოლიტიკა
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილურობის სამინისტროს შორის საერთო ინტერესების საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების“ შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეკვადორს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
შეხვედრაზე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე.
ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარების კუთხით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ირაკლი ყურაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პარაგვაის ახლადარჩეული პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაში მონაწილეობის მიზნით ეწვია.