უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სამართალი
`ელიტა ბურჯის` იურისტს საქალაქო სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 08.08.2012 14:15

კომპანია "ელიტა ბურჯის" იურისტს იმედა ნიკურაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შეუფარდა.

როგორც ,,მედიანიუსს” იმედა ნიკურაძის ადვოკატმა და ,,ქართუ ჯგუფის” იურისტმა ალა კახნიაურმა განუცხადა, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა.

,,საერთოდ, რა კანონიერებაზეა საუბარი, როცა ჩვენ ვართ სამართლებრივი სივრციდან გასული ქვეყანა. ამ შემთხვევაში არც სახელისუფლებო ორგანოს და არც სასამართლო ორგანოს ქმედება, აბსოლუტურად არ ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენი კანონიერი ქმედების გამო ჩვენ ვისჯებით და სახელისუფლებო ორგანოს თანამშრომლები უკანონო ქმედების გამო არ ისჯებიან,”-აღნიშნა კახნიაურმა.

მისი თქმით, იმედა ნიკურაძეს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოდ შეუფარდეს ისე, რომ მუხლის შემადგენლობა არ იყო სახეზე, ამის მიუხედავად, მოსამართლე ნანა დარასელია, არც გაერკვია სიტუაციაში და ისე შეუფარდა სასჯელი.

,,ეს მოსამართლე ჩვენთან მიმართებაში ადრეც შემჩნეულია დაკვეთების წარმატებით შესრულებაში და ეს იყო მორიგი დაკვეთა, რომელიც მან ბრწყინვალედ შეასრულა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ფორმალურად ექვემდებარება და 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ, მაგრამ ისიც წინასწარ ვიცი, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს ამ განაჩენს”-აღნიშნა კახნიაურმა და დასძინა, რომ შპს ,,ბურჯის” ტერიტორიაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, რაც მესაკუთრე დასახელდებოდა, მესაკუთრე კი 7 აგვისტოს დასახელდა, ის შემთხვევა კი, რაშიც იმედა ნიკურაძეს ბრალს სდებენ, 6 აგვისტოს მოხდა.

იმედა ნიკურაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.