ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის ანაზღაურების ოდენობა კონფიდენციალურია. ამის შესახებ ნათქვამია ზემოხსენებული უწყების მიერ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (IDFI) ინსტიტუტისთვის მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში.
IDFI-მ (რომელიც ახორციელებს პროექტს: საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – ოპენდატა.გე) გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურების ოდენობის შესახებ და თანამდებობის სარგოს დამტკიცების სამართლებრივი აქტის ასლი. კომისიამ უარი განაცხადა აღნიშნული მონაცემების მიწოდებაზე, რადგან ჩათვალა კონფიდენციალურ პერსონალურ ინფორმაციად.
“შეგახსენებთ, რომ IDFI-ის მიერ შედგენილი თანამდებობის პირთა დეკლარირებული სახელფასო შემოსავლების ვიზუალიზაციის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი - 264 000 ლარის წლიური შემოსავალი აქვს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

















