ერევანში შეიარღებულმა ჯგუფმა იარაღი დაყარა

ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გუშინ სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და გაათავისუფლეს ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული. დაკავებულია „სასნა წრერ“-ის 20 წევრი.

„სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა თანმიმდევრული და შეთანხმებული ქმედებებით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს იარაღის დაყრა აიძულეს. დაკავებულია 20 ტერორისტი. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავად „სასნა წრერ“-ის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, რომ იარაღის დაყრა ნებაყოფლობით, სისხლისღვრის აცილების მიზნით გადაწყვიტეს.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა აღნიშნა, ჯგუფმა მიაღწია საკუთარ მიზანს - გააღვიძოს ხალხი და რეჟიმთან ბრძოლაზე შთააგონოს.

მისივე თქმით, „სასნა წრერის“ ყველა წევრი დღეიდან თავს სამხედრო ტყვედ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს აიღო შტურმით. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გადათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.

მონიკა დავლიანიძე