,,ეს შენ გეხება” საერთაშორისო დამკვირვებლებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
10.08.2012 18:05
კამპანია ,,ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო დამკვირვებლებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
,,ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამა წლის პირველი იანვრიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება. ამ ხნის განმავლობაში, დაგვიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცეთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ.
ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი. მმართველი პარტიის მიმართ მიღებული მცირე მასშტაბის, არაადექვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს”-აღნიშნულია მიმართვაში.
,,ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით თვალშისაცემია სახელმწიფო უწყებების დახურულობა, მათი სურვილი არ გასცენ საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულიად უკანონო და უპრეცედენტო გამჭვირვალობას სთხოვს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულნი.
,,დღეს არსებული მკვეთრად უთანასწორო გარემოს ჩანასახები ჯერ კიდევ მაშინ გაჩდა, როდესც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ სცენაზე მთავარი ოპოზიციური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გათვალისწინებით კანონმდებლობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. კერძოდ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დამძიმდა, თუმცა მასთან შედარებით უკიდურესად რბილი და არაპროპორციული დარჩა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ზედამხედველობის კუთხით არსებული კანონმდებლობა. ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება მხოლოდ მმართველ პარტიას ძალუძს. დღეს ჩვენ ვართ თვითმხილველნი არა მხოლოდ პრობლემატური კანონმდებლობისა, არამედ სახელმწიფო ორგანიების მხრდიდან მისი კიდევ უფრო პრობლემატური, ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულებისა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ”-ნათქვამია მიმართვაში.
არასამთავრობოების განცხადებით, აუდიტის სამსახურის ქმედებებში გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც, რაც სრულიად მიუღებელი პრეცედენტია. ,,აუდიტის სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა. იმ პირობებში კი, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო ვერ ახერხებს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, რომ ამტკიცოს საკუთარი მოქმედების კანონიერება. არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული სიმწვავით დგება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც აუდიტის სამსახურის მუშაობაში არაერთი სერიოზული ხარვეზი იკვეთება, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ასრულებდეს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქციას”, _ აღნიშნულია მიმართვაში.
,,ეს შენ გეხებას” თქმით, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა.
,,რასაკვირველია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და დამრღვევების მიმართ სათანადო ზომები უნდა იქნეს გამოყენებული, კანონი უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს საქართველოში. მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაიშურონ საკუთარი ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს", _ აღნიშნულია მიმართვაში.


















