უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იმედი აქვს 08.08.2012 15:25

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ლეონიდ თიბილოვი დარწმუნებულია, რომ ოსეთის მომავალი რუსეთის ფედერაციის შემდგენლობაშია. ამის შესახებ მან “ღBK დაილყ”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თიბილოვის განცხადებით, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი ქართულმა მხარემ ოსი ხალხის განადგურების მიზნით წამოიწყო. დღეისათვის “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში” ქართველები და ოსები ერთად უპრობლემოდ ცხოვრობენ, “ოღონდ საქართველოს და “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებებს შორის არავითარი ურთიერთობები არ არსებობს და არც შეიძლება, რომ არსებობდეს”.

“აუციელებელია, რომ ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი... უკვე მეოთხე წელია ამაზე ვლაპარაკობთ, თუმცა მათ ხელის მოწერა არ სურთ”, - განაცხადა თიბილოვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” აღიარებს, რომ “რესპუბლიკას” დამოუკიდებლად ბიუჯეტის შევსება არ შეუძლია და რუსეთის დონაციას იყენებს. მისი პროგნოზით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნას 1,5 წელში მოახერხებს.

როგორც ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პასპორტი მოსახლეობის უმეტესობას აქვს აღებული. თიბილოვი დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი “რესპუბლიკის” შიდა კანონმდებლობას არ არღვევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უყურებს იგი სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესაძლებლობას, თიბილოვმა განმარტა, რომ ოსეთი ერთია, თუმცა იგი საბჭოთა კავშირის ფორმირების პროცესში გარკვეული გადაწყვეტილებების გამო ორად გაიყო. პერსპექტივაში “რესპუბლიკა” რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ერთიანი იქნება.