ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება გაეროს 3 ივლისის რეზოლუციას ანგაჟირებულს უწოდებს
06.07.2012 11:39
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიუ-იორკში 3 ივლისს გაეროს რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება, ანგაჟირებულს უწოდებს.
დე-ფაქტო სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს.
,,რეზოლუციის მიღება დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოგვარების ამოცანებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დააყენა თავისი წარმომადგენლის, გაეროს გენერელური ანსაბლეის სხდომაზე გამოსვლის საკითხი, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიცია და საკუთარი სიტუაციის ხედვა, მათ შორის ლტოლვილების შესახებ გამოეტანა, თუმცა ეს ინიციტივა მათი მხრიდან იგნორირებული იყო”-აღნიშნულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
დე-ფაქტო საგრეო უწყება მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნები რეგიონის პრობლემას ცალმხრივ ფორმატში განიხილავენ, საქართველოს ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით.
დე-ფაქტო საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ,,ანგაჟირებული” რეზოლუციამ შესაძლოა საგრძნობლად გაართულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი.
2012 წლის 3 ივლისს ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.



















