ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ჯაბა ბერიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
15.05.2012 17:26
ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ჯაბა ბერიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ,,მედიანიუსს” ჯაბა ბერიძის ქალიშვილმა თამთა ბერიძემ განუცხადა, ჯაბა ბერიძის პატიმრობიდან გათავისუფლება დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და ამჟამად ის უკვე სახლში იმყოფება.
,,მამაჩემი დაახლოებით სამი დღის წინ, წითელი ჯვრის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ქართველი სამართალდამცავების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. მასზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, კარგადაა და ამჟამად უკვე სახლში იმყოფება”, _ აღნიშნა თამთა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ბერიძე 5 მაისს ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც ჯაბა ბერიძის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ის 5 მაისს სრულიად უკანონოდ, გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის ბრძანებით დააკავეს.
ოჯახი წევრები ჯაბა ბერიძის დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლად დანიშნულ გენერალურ პროკურორს, მერაბ ჩიგოევს უკავშირებდნენ და აცხადებდნენ, რომ 1998 წელს მათმა ოჯახმა ახალგორში ილო ჩიგოევისგან სახლი შეიძინა, ახლა კი მისი შვილი მერაბ ჩიგოევი პროკურორი გახდა და აღნიშნული სახლის დაბრუნებას ითხოვდა.
,,ჩვენ გვაქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პირდაპირი გზით ვერ ახერხებს ამ სახლის დაბრუნებას და როგორც კი გახდა გენერალური პროკურორი, ერთი კვირის შემდეგ გასცა ბრძანება რომ მამაჩემი დაეკავებინათ”-აღნიშნავს დაკავებულის ქალიშვილი თამთა ბერიძემ.



















