უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 აპრილი, 2018 10:45
font-size

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა გაიმართა

12 აპრილს, იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე კვლავ გრძელდება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოაქვს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა გალისა და ახალგორის რაიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მუშაობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის წარმოშობის რისკს.

დავით დონდუამ დაგმო არჩილ ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები და გატაცებები იწვევს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას.

გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენისაკენ. დავით დონდუამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

მინისტრის მოადგილემ შეაფასა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას, მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური დინამიკის შესაქმნელად, რათა შესაძლებელი გახდეს პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის არ გამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება რუსეთის მიერ, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძლებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავს არიდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას.

დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ძალისხმევა, რათა ხელი შეუშალოს სამართლის ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისაკენ მიმართულ რუსეთის მცდელობებს.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა. დელეგაციებმა ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი, როგორც ნდობის აღდგენის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი.

ევროკავშირმა დაგმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. შეშფოთება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ათი წელია, რუსეთი ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა, აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას მაშინ, როდესაც საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას. აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ძალები ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

23 მარტი, 2019 , 13:02

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უ

გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 15:15

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობ

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 10:45

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ. ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

15 მარტი, 2019 , 17:52

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო

სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

15 მარტი, 2019 , 17:05

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად იმყოფებიან დიდ ხურვალეთთან და აგრძელებენ მონიტორინგს. „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთ

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სუს-ი

15 მარტი, 2019 , 15:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებია. „ა