უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ეკონომიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა 12.05.2012 11:53

ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმში”, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

სააკაშვილმა საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

“ხუთიოდე წლის წინ ეს იყო ჩაბნელებული ქალაქი, ნანგრევებში, ქაოტური, მოუწესრიეგებლი გზებით. ახლა სულ სხვა სურათს ხედავთ. ბათუმი დღეს არის ცვლილებების სიმბოლო. საქართველო რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. ექვსი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება იმ რეფორმების დამსახურებაა, რომლებიც ქვეყანაში გატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუც მიესალმა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციის სახელწოდებაა: “ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში”.

ეკონომიკურ ფორუმში 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ეუთოს ეკონომიკური კონფერენციის მთავარი თემა ეუთოს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. სამუშო სესიებზე საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. ეკონომიკური კონფერენცია რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებითაც იმსჯელებს. კონფერენცია 14 მაისს დაიხურება.

ეუთოს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმის ბათუმში 12-14 მაისს ჩატარების გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გასული წლის ოქტომბერს, დუბროვნიკში ოფიციალურად დაამტკიცა.