უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოში ბოლო 3 წელი უნდა ცხოვრობდეს 07.05.2012 18:35

ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს, ბოლო 3 წელი საქართველოში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი ფორმულირებით ყალიბდება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, აქ 10 წელი უცხოვრიათ, ამ 10 წლიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

„ეს მნიშვნელოვანი ვადაა იმ პირთათვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყოს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი საქართველოდან გავიდა და ამ ან სხვა მიზეზით პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ არის“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი ხვალისთვის დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაიწყებს.