ევროკომისია საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობისათვის ახალ დახმარებას გამოყოფს
29.08.2012 18:44
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკომისიამ გამოყო ახალი დაფინანსება საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და ასევე იმ ინსტიტუტების განვითარებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მომზადებაზე, _ აცნობეს `მედიანიუსს~ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.
მათი განმარტებით, პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე ფერმერთა ასოციაციებს. ის ხელს შეუწყობს სამთავრობო ინსტიტუტების მოამზადებას სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად რეაგირებისათვის. ის ასევე ხელს შეუწყობს კერძო ფერმერთა ასოციაციებს, ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას ტრეინინგებისა და ტექნიკური კონსულტაციის მეშვეობით.
პროგრამის მეორე ნაწილი ხელს შეუწყობს საქართველოში ინსტიტუციურ რეფორმას და გააძლიერებს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (ახალი პარტნიორობა, რომელიც შეიქმნა ამ სივრცეში ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით) მომზადებაზე. ეს მოიცავს მოლაპარაკებების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების რჩევითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, ასევე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით ისეთი ინსტიტუტების აღჭურვას, როგორიცაა, მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მომავალში ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით.
ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა 2012 წლისათვის საქართველოსათვის უზრუნველყოფს 60 მილიონ ევროს ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ეს დახმარება ხორციელდება ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) მეშვეობით.



















