უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
ევროზონის უმუშევრობის სტატისტიკა რეკორდულად მაღალია 02.05.2012 15:58

უმუშევრობის დონე ევროზონაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

,,ევროსტატის” ინფორმაციით, ევროზონის ჩვიდმეტივე ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ 10.9 პროცენტამდე გაიზარდა და 1999 წელს ევროს დამკვიდრების შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ახლა 17.4 მილიონი ადამიანი ეძებს სამსახურს და მათგან 3 მილიონი 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებაა.

იტალიის უმუშევრობის მაჩვენებელმა 12 წლის მანძილზე უმაღლესი _ 9.8 პროცენტი დააფიქსირა.

ყველასთვის გასაკვირად, უმუშევრობის მაჩვენებელი მარტში გერმანიაშიაც გაიზარდა 6.8 პროცენტამდე, თუმცა ოფიციალური პირები მაჩვენებლის ექვსთვიანი შემცირების ფონზე წინა თვის 6.7 პროცენტზე დარჩენას ვარაუდობდნენ.

სამუშაოს გარეშე დარჩენილი გერმანელების რიცხვი უკვე 2.87 მილიონს შეადგენს.

მთლიანი ევროკავშირის მასშტაბით, გაერთიანებული სამეფოსა და დანიის ჩათვლით, უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2%-ია.

გასულ კვირას ესპანეთმა განაცხადა, რომ სამსახურის მაძიებელთა რიცხვი რვა თვის მანძილზე 5.6 მილიონამდე გაიზარდა და რეკორდული 24.4 % შეადგინა.

ესპანეთს ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და მისი ზრდა მთელი წლის მანძილზე არის მოსალოდნელი.

ესპანეთსა და იტალიას ორივეს არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში და იზრდება ალბათობა, რომ ამ ქვეყნებს სხვების ფინანსური დახმარება დაჭირდეთ.

ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან უმუშევრობაში ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო წლებში ევროპის აღმოსავლეთ მხარეს - ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ფიქსირდება, ყველაზე დიდი ზრდა კი ესპანეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე.