უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ფესტივალი „არტ–გენი 2012“ 3 ივლისს ყვარლის ტბაზე გაიხსნება 20.06.2012 18:46

წელს სახალხო ფესტივალი „არტ–გენი“ 3 ივლისს ყვარლის ტბაზე გაიხსნება.

როგორც „მედიანიუსს“ „არტ–გენის“ შემოქმედებითი ჯგუფიდან აცნობეს, წელს ფესტივალის ფარგლებში ხუთი რეგიონული ტურნეა დაგეგმილი.

კახეთის შემდეგ „არტ–გენი“ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი სამეგრელოს ესტუმრება. 6 ივლისს ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, 8 ივლისს კი – იმერეთში, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, 10 ივლისს – გურიაში, ჩოხატაურში _ გორაბეჟაულის ტყე პარკში.

რეგიონული ტურნე 12 ივლისს ფოთში მალთაყვას ტბაზე დასრულდება.

„არტგენის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი ფოკლორული ჯგუფები და ანსამბლებიც მიიღებენ. ასევე გაიმართება ქართული რეწვის ნიმუშებისა და სხვა სახის ნაკეთებოების გამოფენა–გაყიდვა.

ფესტივალის დასკვნითი ტური თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21–29 ივლისს გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, აფრიკიდან და მადაგასკარიდან. ეთნოგრაფიულ მუზეუმის ამფითეატრის სცენაზე, ასევე მოეწყობა ნინო ქათამაძის, სუხიშვილების, „რეგიონის“, „ჩვენებურების“ „ლაშარის“ , ზუმბას კონცერტი და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენები.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალ „არტ-გენი“ ფესტივალი მუსიკოსების ზაზა კორინთელის (ზუმბას) და ნიაზ დისამაძის ინიაციატივით 2003 წელს დაარსდა. მას შემდეგ „არტ–გენი“ ყველაზე სახალხო და მასშტაბურ ფესტივალად გადაიქცა, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვისაა მისაღები. ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის.