რეგიონები
ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოს დასანერგად, ცენტრის თანამშრომლებმა ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
„სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.