უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვა იგეგმება 25.06.2012 18:36

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის შემოღების ინიციატივით გამოდიან.

შესაბამისი ცვლილებები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში შედის. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს: კახაბერ ანჯაფარიძესა და ზვიად კუკავას ეკუთვნით. ცვლილებათა პროექტი პარლმენტის ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული სასამართლოს ყველა განჩინება, ისევე როგორც კრედიტორთა, მეურვის, მომრიგებელი საბჭოს, გაკოტრების მმართველისა თუ რეაბილიტაციის მმართველის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ელექტრონული სისტემის მეშვებით გამოქვეყნდება. აღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვლება.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული სისტემის მიზანია, მოვალეს, კრედიტორებს, სასამართლოს, მომრიგებელ საბჭოს, მეურვესა და გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი გაამარტივოს. მათივე თქმით, გარდა ინფორმაციის გაცვლისა, სისტემა გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაამარტივებს, რადგან ის მთელ რიგ საკითხებზე თანხმობის გამოხატვას ონლაინ რეჟიმში გახდის შესაძლებელს.

ელექტრონული სისტემის მეშვეობით კორესპონდენციის გაგზავნა-მიღებაც იქნება შესაძლებელი. პროგრამიდან გაგზავნილი ან მიღებული წერილი ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად ჩაითვლება.