უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

5 ივნისი, 2019 11:45
font-size

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოქალაქეებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლითა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია 79 ხმით 15 წინააღმდეგ მიიღო. 57-მა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში.

"მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 45 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 45-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ, ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.
საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება - ევროკავშირი

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება. ევროკა

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

8 ნოემბერი, 2019 , 15:45

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 28 წლის ზაქარია

გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

7 ნოემბერი, 2019 , 16:51

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნ

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აი

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული გ

დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს თბილისში არ უშვებს

5 ნოემბერი, 2019 , 16:10

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ახალგორში, მძიმედ დაშავებული 60 წლის თამარ გიგაურის ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალებას კვლავ არ აძლევენ. დაშავებული ახლობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცხინვალის საავადმყოფოში