“განახლებული საქართველოსთვის” მიერ ორგანიზებული დევნილთა შეკრება გაიმართა
12.05.2012 18:18
დღეს პარლამენტის შენობის წინ პარტია “განახლებული საქართველოსთვის” მიერ ორგანიზებული დევნილთა შეკრება გაიმართა.
როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ოძელმა განაცხადა, "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა დევნილთა საქველმოქმედო ფონდს ქმნის. გულუა ფონდში 25 მილიონ აშშ დოლარს შეიტანს. ფონდი ორიენტირებული იქნება დევნილებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე. ფონდის ფარგლებში შემუშავდება სადაზღვევო პროგრამები, ასევე სპეციალური კომისიის მიერ თანხები გადანაწილდება დევნილთა განათლების უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.
ფონდის (რომელიც შვეიცარიში ფუძნდება) ფილიალები თბილისის პარალელურად, ცხინვალსა და სოხუმშიც გაიხსნება.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს ონლაინ ვიდეო-ხიდის მეშვეობით მინდია გულუამაც მიმართა. მან ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა. “განვლილმა დრომ დაადასტურა, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეები დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდნენ", - განაცხადა გულუამ.
გულუამ ზემოხსენებული ფონდის დახმარებისაკენ ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწოდა.
დევნილთა შეკრებაზე განცხადება პარტიის ლიდერმა, მინდია გულუას დამ, პროფესორმა ნანა გულუამაც გააკეთა. მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლაში ხელი არ შეუშალონ და პრობლემები არ შეუქმნან.
“მინდია გულუას თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს", - აღნიშნა მან. ნანა გულუამ აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა. “ჩვენო ძმებო და დებო, ჩვენო სისხლო და ხორცო, ქართველი ხალხი თქვენს გვერდითაა. ქართველმა ხალხმა გადადგა პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად”, - განაცხადა ნანა გულუამ.
მან საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. “განახლებული საქართველოსთვის” ლიდერებმა 12 მაისი აფხაზების, ქართველების და ოსების შერიგების დღედ გამოაცხადეს.
ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა ცაში სიმბოლურად თეთრი მტრედებიც გაუშვეს. დღევანდელ აქციაზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დევნილებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა აღადგინეს. პარტიის წარმომადგენლებმა სამართალდამცველების ქმედება უკანონოდ მიიჩნიეს, რადგან მათი თქმით, აქციის მონაწილეების ქუჩის გადაკეტვის უფლება მერიისგან მიღებული სანქციით ჰქონდათ გარანტირებული.
მოგვიანებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა სოსო გიორგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა პარტიის 6 წევრი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დაკავებულების ადგილსამყოფელი და დაპატიმრების მიზეზი უცნობია.
დევნილთა შეკრება თბილისის გარდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში (ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე), ჯვარში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და ბათუმშიც გაიმართა.


















