უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 თებერვალი, 2019 16:05
font-size

გავალთ ხალხთან და ახალ პროცესს დავიწყებთ - პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან რთული და ემოციურია ჩემთვის და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო ის, რაც დღეს უნდა განვაცხადო. ცხადია, ჩემთვის რთულია თქმა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე. რთულია ვთქვა, რომ მივდივარ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა; სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამრთლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ჩვენ ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რომლითაც 2012 წლის 1 ოქტომბერი მოვიდა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერი ადგილიდან, აი, ეს არის გასაკეთებელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რამაც ის ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

„ესენია: სააკაშვილისა და ადეიშვილის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები; მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა; იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს თემა კენჭისყრაზე ჩააგდეს და რომელთაც ამ თემაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს. ჩვენ ეს შეფასება 2016 წელს გავაკეთეთ. უფრო ადრეც - 2012 წლის 1 ოქტომბერიც სწორად ამ სახელის დარქმევა იყო. მაგრამ „ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ჩვენ დღეს გვაქვს ღირებულებათა სხვაობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობა, რომ შეცვლილიყო ეს ვითარება და გავთავისუფლებულიყავით ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისაგან, რომელმაც საკმაოდ დიდი დოზით შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როცა ჩემი პროფესიიდან პოლიტიკაში წავედი, ამის მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და გრძელდება დღესაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა, ჟურნალისტებს პარტიიდან წასვლის შემდგომ გეგმებზე ესაუბრა.

„პირველი - ხალხს უნდა ვკითხოთ, უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას, იმ მოსამართლეთა გამწესებას, რომლებიც იყვნენ იმ სისასტიკისა და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედნი და კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ. ეს ცვლილება უნდა შეეხოს იმ მოსამართლეებსაც, ვინც უკვე დანიშნული არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთნაირად გვექნება პასუხი მათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა გაამწესოს.

მეორე - იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად.

მესამე - იუსტიციის სკოლის რეფორმით,უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და იმ ადამიანებმა, ვინც იმ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს ემსახურებოდა, უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება.

უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. უნდა დაკომპლექტდეს საბჭო ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით.

მეხუთე - უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული იმ ძალადობრივ რეჟიმთან.

დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება, და ჩვენ ამას ვხედავთ პარლამენტის თავმჯდომარის სახით და იმ ადამიანების სახით, ვინც არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც მე და ჩემი თანამოზრეები ვცდილობდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას.
ამიტომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული ჩემთვის, მაგრამ ვთვლი, რომ არის სამართლიანი და სწორი. ვაპირებ, გავაგრძლო ბრძოლა სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს აურჩევია კომფორტი და თანამდებობდა, არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე გავაგრძელებ მათთან ერთად ბრძოლას და დარწმუინებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც პარლამენტის წევრმა ბრიფინგზე განაცხადა, ის რჩება პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით.

„დაველოდები, როგორი იქნება ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. ამის შემდეგ, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა შევქმნათ პოლიტიკური პლატფორმა იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იქნება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ, გავალთ ხალხთან და ახალ პროცესს დავიწყებთ, რომელზეც დღეს დეტალურად არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არცერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც არის კონსტიტუციური, რაც არის სამართლებრივად გამართული იმისთვის, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, სამართლიანობისკენ მიმავალი სახე. ჩვენ გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ხალხის სახელით. გვექნება შეხვედრები და კონსულტაციები საზოგადეობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, მას მზად აქვს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც უახლოეს დღეებში თანამოაზრეებთან ერთად დაარეგისტრირებს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი