პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდა.
ორი ქვეყნის ლიდერების ხანმოკლე კომუნიკაცია ნატოს ბრუსელის სამიტზე სამმხრივი შეხვედრის ფორმატში შედგა, სადაც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.
ეს იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას გულისხმობს და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.
"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც ამერიკის ერთგულ და მყარ პარტნიორს რეგიონში.
მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე ილაპარაკა.