უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: ჩიკაგოს სამიტი ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება 14.05.2012 19:01

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ჩიკაგოში გასამართი ნატოს სამიტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება. მან ეს განცხადება მთავრობის სხდომის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო წარმატებული რეფორმების გამო ნატოსგან მაღალ შეფასებას იმსახურებს. იგი მონაწილეობას მიიღებს ალიანსის არაწევრი ქვეყნებისათვის განკუთვნილი სამივე ფორმატის შეხვედრაში. ესენია: საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში IშAფ მონაწილეთა შეხვედრა, ნატოსა და 13 მთავარი პარტნიორის შეხვედრა (ფორმატი 28+13) და ნატოსა და ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეხვედრა (ფორმატი 28+4). ნატოსა და 13 მთავარი პარტნიორის შეხვედრაში საქართველო აღმოსავლეთ ევროპიდან ერთადერთი ქვეყანა იქნება.

„იმის მიუხედავად, რომ ჩიკაგოს სამიტი ნატოს გაფართოების სამიტი არ არის, ყველანაირი პირობა არსებობს იმის სათქმელად, რომ ის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, _ აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

იგი ჩიკაგოს სამიტისაგან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას ელის.

„დარწმუნებული ვარ, ნატო ამ სამიტზე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას დაუჭერს მხარს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოსთან დაკავშირებული უკანონო გადაწყვეტილებები უკანვე წაიღოს“, _ აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, საქართველოსათვის ნატოს კარი ღიაა. უმრავლეს სფეროებში ქვეყანა ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. სტანდარტების შემდგომ დახვეწაზე მსჯელობა მომავალ სამიტებზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჩიკაგო ნატოს სამიტს 20-21 მაის უმასპინძლებს.