გივი ბერიკაშვილი: ქვეყნისთვის ვინც კარგ საქმეს გააკეთებს, მუხლებში ჩავუვარდები
14.05.2012 15:49
თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი ხვალ 78 წლის ხდება. ცნობილი მსახიობი დაბადების დღის აღნიშვნას ოჯახურ გარემოში აპირებს, თუმცა წუხს, რომ მაინცდამაინც თავის დაბადების დღეზე გახდა ავად.
,,მედიანიუსთა“ საუბარში მსახიობი აცხადებს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს, თუმცა ყოველთვის იმ ადამიანის გვერდით იქნება, ვინც ქვეყნისთვის კარგ საქმეს გააკეთებს.
_ როგორ აპირებთ დაბადების დღის აღნიშვნას?
_ არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, წელს მითუმეტეს. მაინცდამაინც ჩემს დაბადების დღეზე გავხდი ავად და ვნახოთ, როგორ ვიქნები.
_ თქვენს შემოქმედებითი საქმიანობაში ხომ არ არის რაიმე სიახლე?
_ შემოქმედებითი საქმიანობა კარგად მიდის. სამ პიესაში ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრში და თუ ასე წავიდა საქმე და ერთი წელიწადი კიდევ ვიფაფხურე, ღმერთს მადლობას ვეტყვი.
_ ბატონო გივი, ამბობენ, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად ხართ განწყობილი. რა არის ამის მიზეზი?
_ არავის მიმართ ოპოზიციურად არ ვარ განწყობილი. ჩემი ქვეყნისთვის ვინც კარგ საქმეს გააკეთებს, მუხლებში ჩავუვარდები. ოპოზიციონერი არასდროს ვყოფილვარ, მითუმეტეს არტისტი არ უნდა იყოს ვინმეს მხარდაჭერი. ამიტომ არის მოგონილი ფარული კენჭისყრა.
_ თქვენი თავი პოლიტიკაში წარმოგიდგენიათ? ხშირად ჩნდებით ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
_ მე პოლიტიკაში არ ვარ. რაც შეეხება ბიძინას, ის ახლობელია. დედა, მამა, მთელი ოჯახი და ბიძაშვილები ჩემი ძალიან ახლობელები იყვნენ. სიახლოვე გვაკავშირებს და ქველმოქმედება. ბიძინა არ გვაძალებს, მოდით და ხმა მომეცითო. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ვის მივცეთ ხმა.





















