ინციდენტი მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. „ქართული ოცნების“ წევრები მოქალაქე ქეთო თათულაშვილს, რომელმაც მათ თავისი გასაჭირის შესახებ შესჩივლა, ვითარების გასარკვევად გამგებლის მოადგილესთან შეჰყვნენ. გამგებლის მოადგილემ გოგა პეტრუზაშვილმა თავდაპირველად „ქართული ოცნების“ წევრები მიიღო, რამდენიმე წამში კი, მას შემდეგ ,რაც მისი სამუშაო ოთახი ჟურნალისტებით გაივსო, ყველას ოთახის დატოვება მოსთხოვა, _ იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი, _ ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები გამგებლის მოადგილის ოთახს დატოვებდნენ, გოგა პეტრუზაშვილი ოთახიდან თვითონ გავიდა. მოქალაქე ქეთო თათულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას აგრძელებდა. „ქართული ოცნების“ კახეთის კოორდინატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გამგებლის მოადგილეს მოსთხოვა, რომ მოქალაქისთვის ყურადღება მიექცია, რის გამოც გოგა პეტრუზაშვილმა მას დემაგოგი და პროვოკატორი უწოდა.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გამგებლის მისაღებში პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ გოჩა სიბაშვილმა ჟურნალისტებს და „ქართული ოცნების“ წევრებს მისაღებიდან გასვლა მოსთხოვა. „პოლიციიდან ვარ. ვაცხადებ, რომ ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი. დატოვეთ აქაურობა“, – აცხადებდა სიბაშვილი.
ამ დროს მოქალაქე ქეთო თათულაშვილი ავად გახდა. გამგეობის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების მოსვლის დროს გამგეობის მისაღებში მხოლოდ „რეალ თV“–ის კამერა დატოვეს. იქ მყოფმა სხვა ჟურნალისტებმა მისაღებში შესვლა მოითხოვეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ლევან უტიაშვილმა ძალის გამოყენებით მისაღებში შესასვლელი კარი მოხურა და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს თეა ალავერდაშვილს თითები მოატანა. ჟურნალისტი დაშავდა. ექიმების განცხადებით, მან სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო




















