საზოგადოება
გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულიც 4-ია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია.
„გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულიც 4-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, ორი არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა და 1 არის სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის და 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მე-5 თვეა ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულ შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობს და ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია.
ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს. სამი ახალი პაციენტი მივიღეთ გუშინ, მათ შორის ერთი არის საბურთალოს შემთხვევა, ერთი არის შემოტანილი, ხოლო ერთი მარნეულის შემთხვევა.
პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს ჯერჯერობით, კვლავ ერთი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომაროება სტაბილურია და უკვე დინამიურად ვლინდება, რომ გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ, მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმე პაციენტების სიას, დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.