უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მარტი, 2018 15:31
font-size

იმედა დვალიძე: ჩვენი სამიზნე არა „ბადაგონი”, არამედ სხვისი წილის მიმთვისებელი გიორგი სალაყაიაა!

თვეზე მეტია, საკმაოდ დიდი ვნებათღელვაა კომპანია „ბადაგონის“ გარშემო. „ბადაგონის“ დამფუძნებელი ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებს, რომ „ბადაგონის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ, მიითვისა კომპანია და არ შეასრულა დათქმული პირობა იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდით დათმობილ წილს მოგვიანებით უკან დააბრუნდებდა.

სალაყაია კი აცხადებს, რომ კომპანიის პატიოსანი მფლობელია და იმ დროს, როცა კომპანია 40 000 დოლარად შეიძინა, ეს თანხაც არ ღირდა. მოგვიანებით, რიცხვი შეიცვალა და სალაყაიას ადვოკატმა განაცხადა, რომ წილის გამოსყიდვაში არა 40 000 დოლარი, არამედ 1 200 000 გადაიხადეს.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის თქმით, სალაყაიას მხარე ვერ წარმოადგენს ვერანაირ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ზემოთ ხსენებული თანხა წილის გამოსყიდვის მიზნით გადაიხადეს, მისი თქმით, ამ თანხით, კომპანია „ბადაგონმა“ და არა გიორგი სალაყაიამ, ინვესტორი კომპანია „გრაკოროს“ ვალის მცირე ნაწილი დაფარა.

ბევრი კითხვა დაგროვდა როგორც ვლადიმერ ჯანჯღავას, ასევე გიორგი სალაყაიას მიმართ. გიორგი სალაყაიასთან არაერთგზის დაკავშირების მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ასეთი მნიშვნელოვანი დავის დროს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მედიასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.

გთავაზობთ ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის ინტერვიუს, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „აიპრესმა“ გამოაქვეყნა.

„ბადაგონის“ წილის არამართლზომიერ და უკანონო მითვისებაზე თქვენ მიმართეთ ფინანსურ პოლიციას, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. გიორგი სალაყაიამ, განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიაზე ზეწოლას. რატომ მიმართეთ ფინანსურ პოლიციას და რატომ არ წახვედით სასამართლოში, როგორც ამაზე აპელირებს მეორე მხარე?

დავიწყოთ იმით, რომ გიორგი სალაყაია, არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი. მას არც კომპანია დაუფუძნებია და არც კომპანია ბადაგონში რაიმე სახის ინვესტიცია განუხორციელებია. დიახ, ის ფიზიკურად შესაძლოა შრომობდა „ბადაგონში“ ქარხის მშენებლობისას თუ კომპანიის განვითარებისას, მაგრამ ის ამაში იღებდა გასამრჯელოს, როგორც დაქირავებული მენეჯერი.

ჩემი ინფორმაციით, გასამრჯელოს იღებდა მაშინაც, როცა ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 2004-2008 წლებში. ამ პერიოდს ემთხვევა კომპანია „ბადაგონში“ დაწყებული პრობლემები სახელწიფო ორგანოებთან, რასაც სალაყაია მოიხსენიებს, როგორც მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და ახსენებს საზოგადოებას, რომ დღესაც იგივე ხდება მის თავს.

თუმცა, გიორგი სალაყაია კომპანია „ბადაგონში“, 2013 წლამდე საერთოდ არ ჩანს, არ იძებნება და არანაირ ოფიციალურ, სარეგისტრაციო დოკუმენტში, მისი გვარი არ არის ნახენები. იმიტომ რომ ის არც კომპანიის პარტნიორი იყო, არც დამფუძნებელი და არც ინვესტორი. ის იყო ფაქტობრივად, ერთგვარი „სახურავი“ კომპანიაში, იმავდროულად, კონკრეტული სამუშაოების განმახორციელებელი, როგორც მენეჯერი. ამის საპასუხოდ, მას „ბადაგონის“ ერთადერთ დამფუძნებელ და ერთადერთ ინვესტორ კომპანია „გრაკოროში“ აქციების 19 % აჩუქეს.

რატომ მიმართეთ ფინანსთა სამინისტროს და არა სასამართლოს?

რაც ეხება ძირითად კითხვას, თუ რატომ მივმართეთ ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურს. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი გზა, რომელიც შეიძლებოდა აგვერჩია იმისათვის, რომ ჩვენი დარღვეული უფლებები და მითვისებული ქონებრივი უფლება, კონკრეტულად კი წილზე საკუთრება დაგვებრუნებინა, იქნებოდა ეს საერთო სასამართლოებისადმი თუ საგამოძიებო ორგანოსადმი მიმართვა, გამოიწვევდა ბატონი გიორგი სალაყაიას მხრიდან ისეთივე ინტერპრეტაციებს, რაც მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსადმი ჩვენს მიმართვას. ის მაინც იტყოდა, რომ ეს არის ძალადობა, უკანონო ჩარევა, ბიზნესის წართმევა, იმიტომ რომ სხვა გზა, სხვა გამართლება, სხვა თავდაცვის საშუალება ამ პატივცემულ ადამიანს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ გააჩნია. ამიტომ, ნებისმიერი გზა გამოიწვევდა ზუსტად ანალოგიურ ინტერპრეტაციებს, ბრალდებებს და პროვოკაციულ განცხადებებს მისი მხრიდან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არის კომპეტენტური ორგანო, რათა გამოიძიოს მითვისების, როგორც დანაშაულის ფაქტი. ჩვენი კანონმდებლობით, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსით და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მითვისების დანაშაულზე გამოძიების წარმმართველი, უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. ამდენად, ინტერპრეტაცია, რომ თითქოს ხელოვნურად ხდება კერძო დავის გადატანა სისხლის სამართლის სფეროში, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

სახეზე გვაქვს დანაშაული - მითვისება და შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეზე, გამოძიება უნდა აწაროოს სწორედ იმ ორგანომ, რომელიც აწარმოებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული ზიანის ანაზღაურების, გარკვეული ვალდებულების შეუსრულებლობის ან სხვა მიზეზთა გამო, სამოქალაქო დავის წარმოების შესაძლებლობაც და საჭიროებაც - არც ამას გამოვრიცხავთ. ჩვენ არცერთ სამართლებრივ გზას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც ჩვენ შეგვეძლო აგვერჩია, ცალ-ცალკე თუ ერთად, იქნებოდა ბატონი სალაყაიას მხრიდან, პროვოკაციული ინტერპრეტაციების საგანი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მარწმუნებლების მიზანი არის წილის დაბრუნება. შესაბამისად, მათი პრეტენზიები მიმართულია კონკრეტულად წილის მიმთვისებელთან, ბატონ გიორგი სალაყაიასთან და არანაირად არ მოვა წინააღმდეგობაში უშუალოდ „ბადაგონის“ ინტერესებთან, „ბადაგონში“ დასაქმებულთა ინტერესებთან და ბადაგონის მომავალთან, იმიტომ რომ ბადაგონის გამართული ფუნქციონირება სწორედაც შეადგენს იმ ადამიანების ინტერესს, რომელთაც მე წარმოვადგენ ანუ ინვესტორის ინტერესს, ვინც ამ საქმეში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჩადო.

რა ფაქტების ერთობლიობა გაქვთ, რითაც საზოგადოებას დაარწმუნებთ იმაში, რომ ნამდვილად თქვენს მარწმუნებლებს ეკუთვნოდათ თავიდან ეს კომპანია? არაერთი ბიზნესდავაა, სადაც გაცილებით დაბალ ფასად აქვთ შესყიდული კომპანიები, ზოგჯერ ნაჩუქრობაც კი აქვთ გაკეთებული, მაგრამ თითქმის არ ყოფილა იმის პრეცედენტი, როცა ეს ქონება კანონიერ მფლობელს უკან დაუბრუნდა.

განსხვავება გახლავთ ერთი - ჩვენ არ ვამბობთ, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი. ეს იყო ჩვეულებრივი, ფორმალური გარიგება ორ მხარეს შორის: წილის მინდობა, გარკვეული დროით მართვა. მოხდა წილის ოფიციალურად ბატონ სალაყაიაზე გადაფორმება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ მესაკუთრისთვის დაბრუნების პირობით. სხვა შემთხვევებში, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეულ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან მინიმალურ ფასად საკუთრების, აქტივების, წილების გასხვისებას, მაშინ ამ პროცესებში სახელმწიფო მანქანა ერეოდა. ალბათ მართლაც არსებობს პრეტენზიის საფუძველი, როცა დაინტერესებული მხარე აცხადებს, რომ სახელწიფო დღეს ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს, ან თუ რეაგირებს ამბობს, რომ მას შესაბამისი ხელმოსაჭიდი მტკიცებულებები არ გააჩნია. თუმცა ისიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამართლებრივად მდგომარეობა, ფაქტობრივი მოცემულობა ჩვენს საქმესა და ზემოთნახსენებ საქმეებს შორის განსხვავებულია. თუმცა ცხადია, რომ ყველა ამგვარ საქმეს, რომელზეც ძველი მესაკუთრე მის ქონებაზე დასაბუთებულ პრეტენზიას აცხადებს, კომპეტენტური ორგანო ოპერატიულად და საფუძვლიანად უნდა იძიებდეს. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შემთხვევაში, ეს არ არის იძულების ფაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მინდობა, წილის ფორმალური გადაცემა იმ პირისადმი, რომელსაც ენდობოდნენ, რომლის მიმართაც ჩამოყალიბებული იყო წლების განავლობაში, მრავალწლიანი ურთიერთობა. უფრო მეტიც, მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი და ახლო მეგობრობა. ისე უკვირს ზოგიერთს ეს ამბავი, თითქოს ერთი ადამიანი მეორეს რომ ფულს ასესხებს, აუცილებლად შესაბამის ხელწერილს ჩამოართმევს ხოლმე, ან მაგალითად, თითქოს არ იყოს ხშირი შემთხვევა, როდესაც ფორმალურად, გარკვეული პერიოდით ხდება კომპანიის წილის გადაფორმება ნომინალურ პირზე, ან თითქოს ეს იყო პირველი შემთხვევა და ხშირად არ ხდებოდეს კონკრეტული ქონების ან აქტივის გადაფორმება ოჯახის სხვა წევრზე ან ნათესავზე, მძღოლზე.

თქვენ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც წილი გადაუფორმებიათ და შემდეგ უკან დაუბრუნებიათ?

უამრავი შემთხვევა მქონია. რამდენიც გნებავთ. მე მაქვს კონკრეტულად დაახლოებით 6 მიწის ნაკვეთი ჩემი მეგობრების, რომლებმაც არ ვიცი რატომ გააფორმეს თავისი საკუთრება ჩემზე და ყოველწლიურად ვიხდი ქონების გადასახადს ამ მიწის ნაკვეთებზე. მათი გაყიდვა თავისუფლად შემიძლია, მაგრამ არც გავიფიქრებ ამას. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ჰქონდათ უზარმაზარი აქტივები საკუთრებაში, რადგან გარკვეული პერიოდი მათზე გაფორმდა ეს ქონება და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მათ ეს ქონება უკან დაუბრუნეს რეალურ მესაკუთრეს. ეს მიღებული ბიზნესპრაქტიკაა. ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, რადგან არსებობს კეთილსინდისიერების პრეზუმფცია. სხვაგვარად, მე თუ ვფიქრობ, რომ თქვენ აუცილებლად მომატყუებთ, მე თქვენთან არანარ ხელშეკრულებას არასდროს დავდებ. ადამიანები ურთიერთობას იწყებენ, აგრძელებენ და ეიმედებათ, რომ, ჩვეულებრივ ადამიანურ თუ ბიზნესს ურთიერთობებში ყველა ადამიანი კეთილსინდისიერია. თუ ჩვენ ერთმანეთის მიმართ კეთილსინდისიერების რწმენა და ნდობა თუ დავკარგეთ, საერთოდ გამოქვაბულებში უნდა დავბრუნდეთ მაშინ.

თქვენ საუბრობთ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებზე, მაგრამ რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ ისეთი ჯანჯღავას, უბილავასა და გიორგი სალაყაიას, რომ მთელი კომპანია გადაუფორმეს?

თუ გახსოვთ, სალაყაიამ ჯანჯღავას არსებობა, მისი კავშირი კომპანია “ბადაგონთან” საერთოდ უარყო პირველ ეტაპზე. მოგვიანებით თქვეს საიდან ჰქონდა ეს თანხა ეგეც დასადგენიაო. მხოლოდ ახლა გახდა ბატონი ჯანჟღავა, მათთვის „რუსეთის მოქალაქე“, „საჯარო მოხელე“, “თაღლითი”. ასეთად შერაცხეს ადამიანი, რომელმაც კომპანია “ბადაგონში” 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „გრაკოროს“ უკან რომ ჯანჯღავა იდგა, ეს საბუთდება იმით, რომ “გრაკორო” ყოველთვის მის ოჯახს ეკუთვნოდა და საბოლოო ბენეფიციარი სწორედ ჯანჯღავა იყო ამ კომპანიაში. ეს ცხადია ძალიან კარგად იცის თავად ბატონმა სალაყაიამ.

ასე თუ გავყვებით და ჩავუკირკიტდებით, 2006 წელს კომპანიას მართმევდნენო, თუ საზოგადოდ მავნესო, რომ ამბობს, პატივცემული სალაყაია, მას თავად რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდა კომპანია „ბადაგონთან“?! რას წარმოადგენდა ის კომპანია „ბადაგონში“? არც მოწილე გახლდათ და არც დირექტორი. დღეს ასე იმიტომ იძახის, რომ საზოგადოებას გაუღვივოს ემოცია და მიანიშნოს, რომ თითქოს ყველა დროში და ყველა ხელისუფლების პირობებში ჩაგრულია. არადა ბატონი სალაყაია იმ დროს მხოლოდ ფორმალურად დაქირავებული მენეჯერი იყო. მას დირექტორის უფლებამოსილების ლეგალურად განხორციელების შესაძლებლობაც არ გააჩნდა, რადგან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. რა გააკეთა მან კომპანიისთვის გარდა იმისა, რომ მენეჯერობდა კონკრეტულ პროექტს, რომლის განსახორციელებლად ჯანჯღავას მიერ მოზიდულ 20 მილიონ დოლარს ხარჯავდა?! დღეს ისე გამოჰყავთ ისე, რომ თითქოს ეს ყველაფერი სალაყაიამ შექმნა და დღეს ვიღაც გარეშე პირი უსაფუძვლოდ ითხოვს კომპანიაში მისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. ასეთებს მინდა ვკითხო - რა რესურსით შეიქმნებოდა შესაბამისი საწარმოო ინფრასტრუქტურა “ბადაგონში”, ვლადიმერ ჯანჯღავას შესაბამისი თანხები „გრაკოროს” მეშევეობით მოიტანა რომ არ მოეზიდა “ბადაგონში”?! ეს ქარხანა ციდან ჩამოვარდა?! ეს ინფრასტრუქტურა თავისით, უსახსრებოდ შეიქმნა?! ფული საიდან მოდიოდა? გიპასუხებთ - დიახ, “გრაკოროდან”, ანუ ჯანჯღავასთან მოდიოდა!

რატომ უარყოფს სალაყაია იმ ადამიანის არსებობას, რომელმაც ის საწარმოში მიიყვანა, დაასაქმა და გარკვეული მატერიალური სარგებელიც მისცა. ორი შვილი მოანათლინა სალაყაიამ ჯანჯღავას და უბილავას და 2017 წლის ოქტომბრამდე მათ მეგობრებად, ოჯახის ახლობლებად თვლიდა. ხოტბას უძღვნიდა ამ ადამიანს და ახლა, 2017 წლის ბოლოს, როცა საწარმოში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სალაყაიამ იფიქრა, რატომ უნდა დავუბრუნო მესაკუთრეს მისი წილიო. სწორედ ასეთი ქმედება კვალიფიცირდება მითვისებად, ანუ დანაშაულად.

ეს თანხა, რაზეც თქვენ საუბრობთ, ოფიციალურად ირიცხებოდა როგორც ინვესტიცია და ამის დოკუმენტიც არსებობს?

2003 წლიდან, 2012 წლამდე, სანამ ჯანჯღავას ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა, „ბადაგონის“ ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი განვითარება და ა.შ ეფუძნებოდა იმ ინვესტიციებს, რომელიც ჯანჯღავას კომპანია „გრაკორომ“ მოიტანა კომპანია „ბადაგონში“ და რომელი თანხებიც ოფიციალურად კომპანია „ბადაგონისვე“ აღიარებით შეტანილია „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში.

საუბარია14 მილიონ დოლარზე, რაც ოფიციალურად კომპანია „ბადაგონს“ აღებული აქვს საწესდებო კაპიტალში. ვინ იყო ბატონი სალაყაია ამ პერიოდში? როგორც გითხარით, მხოლოდ არაფორმალური მენეჯერი.

როგორც თავად აცხადებდა თავიდან, 2013 წლიდან ჯერ 5 000 დოლარად, მოგვიანებით 25 000 დოლარად და 5 000 დოლარად, ანუ სულ რაღაც 40 000 დოლარად “შეიძინა” კომპანია “ბადაგონის” წილის 100%. მერე ალბათ მიხვდა, რომ საზოგადოებრივ ყურს არაადეკვატურად მოეჩვენებოდა წილის მის მიერ დასახელებული ფასი და მოგვიანებით სხვა ციფრი - 1 200 000 დოლარი დაასახელა, თუმცა მანამდე უარყოფდა, რომ არანარიი სხვა ზეპირი შეთანხმება და სხვა პირობა მხარეებს შორის არ არსებობდა. მანამდე ბატონი სალაყაიას ადვოკატი ახცადებდა, რომ 40 000 დოლარიც არ ღირდა კომპანია, რადგან გაკოტრებული იყოო.

დიახ, სალაყაიას ადვოკატი აცხადებს, რომ წილი გამოსიყიდეს 1 200 000-ად. თუ წილის საფასური არა, მაშ რა თანხა იყო ეს?

თუ “ბადაგონის” წილის 100% 40 000 დოლარზე მეტი არ ღირდა და მათივე განცხადებით, თუ მხარეებს შორის არანაირი ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, ეს მილიონ 200 000 დოლარი საინტერესოა მართლაც რაში და რატომ გადაიხადეს?! საქმე ისაა, რომ სინამდილეში, ეს თანხა, რაც მართლაც გადაიხადა “გრაკოროს” სასარგებლოდ კომპანია “ბადაგონმა” და არა სალაყაიამ, იყო კომპანია „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილი, მისი პარტნიორის, „გრაკოროს“ მიმართ. იმ დროს კომპანია “ბადაგონმა”, 1 200 000 დოლარი, ანუ “გრაკოროს” მიმართ არსებული ვალდებულებების მხოლოდ მცირედი ნაწილი გადაიხადა.

რა დავალიანება იყოს ეს?

საქმე ისაა, რომ კომპანია „გრაკოროს“ კომპანია “ბადაგონში” შესაბამისი თანხები 2003 წლიდან კრედიტის სახით მოჰქონდა. ამ კრედიტს ერიცხებოდა კონკრეტული პროცენტი, რამაც წლების განმავლობაში 7 მილიონ დოლარამდე მიაღწია. 2011 წლის ბოლოს, კომპანია “გრაკორომ” მიიღო გადაწყვეტილება კრედიტის დაბრუნებაზე უარი ეთქვა დაკრედიტის სახით მოზიდული თანხები “ბადაგონის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა. პარტნიორმა კომპანიამ “ბადაგონის” მიმართ დაიტოვა მხოლოდ ამ კრედიტზე დარიცხული პროცენტის მოთხოვის უფლება “ბადაგონის” მიმართ. სწორედ ამ დავალიანების მცირე ნაწილი, 1 200 000 ლარი გადაუხადა კომპანია „ბადაგონმა“ 2015 წელს კომპანია „გრაკოროს“. სწორედ ეს თანხა “გადააკვალიფიცირა” ბატონმა სალაყაიამ წილის საზღაურად, რაც ასეთად ვერ ჩაითვლება, რადგან ამის არანაირი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს - საკუთრივ ამ თანხის გადარიცხვის საბანკო დოკუმენტში, კერძოდ გადარიცხვის დანიშნულებაში სწორედ ვალის ნაწილის დაფარვაა მითითებული.

დიახ, “ბადაგონმა” პარტნიორ კომპანიისადმი არსებული ვალის მხოლოდ ნაწილი დაფარა, ხოლო ხოლო სალაყაიამ ეს ფაქტი გაასაღა როგორც მის მიერ მესაკუთრისგან წილის გამოსასყიდად თანხის გადახდა ყიდვის თნხა. ანუ სალაყაიას ლოგიკით გამოდის, რომ „ბადაგონმა“ გადაიხადა თანხა, ანუ დავალიანების ნაწილი „გრაკოროს“ მიმართ, ხოლო სალაყაიამ წილი “ბადაგონის” ფულით გამოისყიდა?! “ბადაგონმა” უყიდა ბატონ სალაყაიას წილი “ბადაგონში”?!

კი ბატონო, სალაყაია, როგორც მენეჯერი, შესაძლოა ფიზიკურად თუ გონებრივად შრომობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ფულით არის შემქნილი „ბადაგონი“. სალაყაიას ფული ბადაგონში არ ყოფილა. ფული, რომელიც იხარჯებოდა “ბადაგონში”, ყოველთვის იყო კომპანია „გრაკოროსი“ და შესაბამისად, ვლადიმერ ჯანჯღავასი.

თქვენი მარწმუნებლების ვერსია რა არის, რატომ დაუთმეს ეს წილი გიორგი სალაყაიას?

კომპანიას კონკრეტულ პერიოდში დასჭირდა დამატებითი საკრედიტო რესურსი - 2012-13 წლებში, როდესაც გაიხსნა რუსული ბაზარი, „ბადაგონის“ წარმადობა, რაც შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო ბაზარზე სრულფასოვნად დასაბრუნებლად, არ იყო საკმარისი მოცულობის. ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი სახსრების მოზიდვა. რადგან კომპანია „გრაკოროს“ მთავარი პარტნიორი და „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა ფაქტობრივად ვეღარ ახერხებდა გარე წყაროებიდან ამ თანხების მოზიდვას, საჭირო გახდა ქართული ბანკებიდან შიდა საკრედიტო რესურსის მოძიება.

ჩვენი კანონმდებლობით ქართული ბანკები კრედიტების აღების მსურველ სუბიექტს ბოლო ბენეფიციარამდე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. სალაყაიას განმარტებით შესაძლოა ეს გამხდარიყო დამაბრკოლებელი გარემოება იმისათვის, რომ „ბადაგონს“ქართული ბანკებიდან კრედიტები აეღო. შესაბამისად სალაყაიამ განუცხადა ჯანჯღავას, რომ საჭირო იყო წილის მფლობელი, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე და ამ შემთხვევაში, კრედიტის აღების დროს სანდოობის მეტი ხარისხი იქნებოდა.

ამ მიზნით მოხდა წილის გადაფორმება 2013 წელს ჯერ 40 % -ის, მერე 2015 წელს 10 %-ის და შემდეგ რამდენიმე დღეში 50 %-ის ანუ მთლიანობაში 100 %-ის. რადგან ეს შეთანხმება ფორმალური იყო, სიმბოლური იყო “ფასიც” - როგორც გითხარით “ბადაგონის” წილის 100 % 40 000 დოლარად გადაფორმდა სალაყაიაზე, თუმცა, კომპანიის ღირებულება, ჩვენი ინფორმაციით, იყო აბსოლუტურად სხვა და იმედი მაქვს, კომპეტენტური ორგანო, კომპეტენტური ექსპერტიზა, ამას დაადგენს.

ერთ მხარეს არის ქართული კომპანია „ბადაგონი“ და ამჟამინდელი მფლობელი გიორგი სალაყაია და მეორე მხარეს, თქვენი მარწმუნებლები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები: ბატონი ჯანჯღავა და უბილავა.

დაიწყო სერიოზული კამპანია, სადაც გამოდიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მხარდაჭერას უცხადებენ სალაყაიას. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მიეცა ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი, რადგან მეორე მხარე აცხადებს, რომ ბიზნესზე ზეწოლაა და აპელირებენ იმაზე, რომ ბიზნესზე ზეწოლაა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან.

ეს არის სწორედ ბატონი სალაყაიას მიზანი. აქ არ მიმდინარეობს ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია. ეს არის სამართლებრივი ბრძოლა ბატონი სალაყაიას წილის კანონიერი მესაკუთრეების მხრიდან კუთვნილი წილის მიმთვისებლის წინააღმდეგ. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის პროვოკაციული მცდელობა ყურადღების სხვა სიბრტყეში გადატანის მიზნით. ბატონი სალაყაია დანაშაულის დაფარვას იმით ცდილობს, რომ გადააქვს საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეში. აქამდე საერთოდ უარყოფდნენ, რომ „გრაკოროს“, უკან თეიმურაზ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა იდგა, ახლა კი სტრატეგია შეცვალეს და შეკვეთით, სხვადასხვა, გაურკვეველი წარმოშობის მედიასაშუალებებით ავრცელებენ სრულიად აბსურდულ ინფორმაციას, რომ “ბადაგონის“ საქმის უკან დგას რუსეთის ორი მოქალაქე, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან.

მე მაქვს ერთი კითხვა სალაყაიასთან: „გრაკორო“ როცა დაფუძნდა, 2002 წელს, მაშინაც მისი ბენეფიციარი პატივცემული ჯანჯღავა იყო და ჯანჯღავა მაშინაც რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის მოქალაქე იყო უბილავაც, რომელსაც ფული მოჰქონდა კომპანია „ბადაგონში“, „გრაკოროს“ მეშვეობით. ანუ გამოდის, რომ რუსულმა სპეცსამსახურმა, ქართული ღვინის წარმოებაში, „გრაკოროს“ მეშვეობით მოიტანა 20 მილიონ დოლარზე მეტი?! ანუ ინვესტიცია განახორციელა რუსულმა სპეცსამსახურმა საქართველოში „გრაკოროს“ მეშვეობით?! ეს არის ლოგიკა?! ანუ ლოგიკა მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშ მყოფმა კომპანიამ განახორციელა საქართველოში 20 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტირება?! და მეორე კითხვა: ახლა გახდა ცნობილი პატივცემული სალაყაიასთვის, რომ თურმე ეს კომპანია რუსული სპეცსამსახურის შვილობილია?! იმას რა ვუყოთ, რომ თვითონ სალაყაია ფლობს კომპანია „გრაკოროში“ 19 %-ს და თავად ბატონი სალაყაია გახლავთ ამ კომპანიის რეგისტრირებული მდივანი? რა გამოდის ნახეთ - სალაყაია იმ კომპანიაშია, რომელი კომპანიაც ახორციელებდა ინვესტირებას საქართველოში და რომელიც სალაყაიასვე ფრთის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშაა! ანუ გამოდის, რომ თვითონაც იქ არის - რუსულ სპეცსამსახურებთან?!

საქართველოში ინვესტიციები შემოიტანა რუსული სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ, ააშენა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ქარხანა და მერე სალაყაიას ენდო და 40 ათას დოლარად გადაულოცა??! ეს არის ლოგიკა?! მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტური ბოდვა - ბატონი სალაყაია თავისივე მოგონილ ტყუილებში იკარგება. ასეთი სისულელე თუ საქართველოში გაიყიდა, ამ ქვეყანას მართლა არ ჰქონია საშველი.

სხვათაშორის, მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი სალაყაიას, ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან, ამიტომაც გკითხეთ თქვენ, ხომ არ შეიძლება საკითხმა პოლიტიკური ელფერიც მიიღოს.

მე ვიცი, რომ სხვა დეპუტატებიც არიან საქმის კურსში, იმიტომ რომ იყო ოფიციალური შეხვედრები კონკრეტულ დეპუტატებთან, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. მოისმინეს ჩვენი პოზიციები და კი ბატონო, ეს ნორმალურია. მაგრამ მეორე მხრიდან ინფორმაციის არქონის პირობებში ასეთი ხისტი განცხადების გაკეთება და მხოლოდ ერთი მხარის მხარდაჭერა, არის ირიბი თუ პირდაპირი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა სამართლებრივ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაციით საგამოძიებო ორგანო შევიდა „ბადაგონში“, აიღო კონკრეტული დოკუმენტები, რაც საჭირო იყო გამოძიებისთვის და იმავე დღეს, რამდენიმე საათში, დატოვა “ბადაგონის” ოფისი.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე “ბადაგონის” საქმიანობის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მათ რამდენიმე დღით გააჩერეს საწარმოს მუშაობა, თავის განცხადებებში გამოყენეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ფინანსური პოლიციის შემოვარდნა“, „დაწიოკება“, „დარბევა“, რადგან ეს ის ტერმინებია, რომლებიც საქართველოში, ჩვენი უახლოესი ისტორიის გამო, კარგად იყიდება.

დეპუტატს, ისევე როგორც ნებიმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ დეპუტატი არ წარმოადგენს სასამართლოს და მისი შეფასება არ უნდა ჟღერდეს როგორც ვერდიქტი. მან არ უნდა დააზარალოს არცერთი მხარის ინტერესი, იმიტომ რომ დეპუტატმა მოცემულ შემთხვევაში არ იცის, რომელი მხარის უფლებებია რეალურად დარღვეული. სასურველია, რომ დეპუტატმა ზერელე შეფასების შედეგად არ გააკეთოს დასკვნები. თუ ვლაპარაკობთ ქვეყანაში ბიზნესის, საკუთრების დაცვაზე, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ ინვესტორის დაცვაზეც, იმიტომ რომ თუ ვინმე დასაცავია, თუ ვინმე უნდა აინტერესებდეს ქვეყანას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები, ფიგურები და სუბიექტები, რომლებიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, არის ის სუბიექტი, ვინც ინვესტირებას ახორციელებს.

ჯანჯღავამ და უბილავამ მაინცდამაინც 2017 წელს რატომ მოითხოვეს წილის უკან დაბრუნება. რა უშლიდათ ხელს მანამდე?

2016-17 წლებში, მიმდინარობდა ამაზე საუბრები. ბატონი სალაყაიასგან ინვესტორს, ერთადერთ პარტნიორს, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ვალების მომსახურების პროცესი, მივდივართ რაღაც ნიშნულამდე, როცა საწარმო გაჯანსაღდება და მისი ვალდებულებები შემცირდება და წილის დაბრუნების საკითხს მერე დავუბრუნდეთო. ასე იყო 2015 წელს, როცა მხარეები შეთანხდნენ ამაზე, 2016-ში და 2017-ში. მხარებს შორის რამდენიმე შეხვედრაც შედგა. არანარი წინათგრძნობა თუ წინაპირობა იმისა, რომ ეს პირობა არ შესრულდებოდა, არ არსებობდა. ცალსახა და ხისტი უარი წილის უკან დაბრუნებაზე გაცხადდა 2017 წლის ბოლოს, ოქტომბრის თვეში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს ადამიანი აღარ აპირებდა წილის დაბრუნებას. სწორედ ამის შემდეგ მივმართეთ ერთ-ერთ, კანონიერ, ლეგალურ, სამართლებრივ გზას - შევიტანეთ განცხადება საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურში, ანუ იმ საგამოძიებო სტრუქტურაში, რომელიც როგორც გითხარით, არის კომპეტენტური გამოიძიოს ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს დანაშაული.

დღეის მონაცემებით, კომპანიაბადაგონსკვლავ აქვს დავალიანება კომპანია “გრაკოროს” მიმართ?

დიახ, 5 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება ჯერ კიდევ არსებობს. მერწმუნეთ, ჩვენ რომ საერთო სასამართლოში წავსულიყავით და მოგვეთხოვა ეს თანხა “ბადაგონისგან”, უკიდურესად დამძიმდებოდა კომპანია “ბადაგონის” მდგომარეობა! ეს ჩვენ ჯერეჯრობით სრულიად განზრახ არ გავაკეთეთ - ერთის მხრივ იმიტომ, რომ კიდევ მეტი ინტერპრეტაციების საფუძველი არ გაჩენილიყო და მეორეს მხრივ, არ დამძიმებულიყო კომპანია “ბადაგონის” მდგომარეობა. პირიქით, ჩვენი ინტერესია, რომ კომპანია იყოს ჯანსაღი, იდგეს ფეხზე, გააგრძელოს საქმიანობა. “ბადაგონის” წილის სალაყაიას დროებით მფლობელობაში ყოფნამ, არ უნდა დააზარალოს რეალური მესაკუთრის, საწარმოში დასაქმებული ადამიანების ინტერესი და ქართული ღვინის სახელი. კომპანიას არავინ ებრძვის. პირიქით, მაქსიმალურად გავურბივართ კომპანიის დაზარალებას ან რაიმე გართულებების შექმნას. ჩვენი სამიზნე არის ადამიანი, რომელმაც სამწუხაროდ, ნდობით ბოროტად ისარგებლა და კონკრეტული პარტნიორის, ინვესტორის, კუთვნილი წილი მიითვისა.

NS

საკვანძო სიტყვები:

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

20 აგვისტო, 2018 , 16:15

მთავრობა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემას კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, - ამის თაობაზე ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლების საგანგებო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.  მწარმოებლები საჯარო აქტ

ივლისში კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები შემცირდა, თუმცა წინა წელთან შედარებით - გაიზარდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5,7

კერძო გამსესხებლებისთვის შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა

20 აგვისტო, 2018 , 13:30

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ. სამოქალაქო კოდექსში ცვლილების ინიციატივის ავტორი საქართვე

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა - დავით ბაქრაძე

17 აგვისტო, 2018 , 16:10

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარ

ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

17 აგვისტო, 2018 , 12:55

მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყ

ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 12:55

„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობული

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან