უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ივნისი, 2018 16:05
font-size

ინვესტიციების დაცვის ახალი ფორმატი

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის, პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ ან საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზაზე შესაძლო პრობლემების გადაჭრის საქმეში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზადაა, მოუსმინოს საქართველოში მოქმედ ყველა ქვეყნის სავაჭრო ან ბიზნეს პალატების წარმომადგენლებს, რათა არსებულ პრობლემებზე ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდეს საკითხის გადაჭრა. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოწადინებულია, ამომწურავი, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რათა შემდეგ დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება იმ სფეროში, რასაც ინვესტიციების მოზიდვა, ადგილზე არსებულ გამოწვევებთან რეაგირება ჰქვია. ბიზნესთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა მარტივად შეიძლება გადაიჭრას, თუ იქნება აქტიური კომუნიკაცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა, ვინაიდან დღეს ინვესტორებისთვის პარამეტრი გახდა, რამდენად შეუძლია ქვეყანას ინვესტიცია დაიცვას. „უცხოურმა კომპანიამ უნდა იცოდეს, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს და მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა. მესიჯი, რომ რამდენიმე პრობლემა მოგვარდა, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაორმაგოთ ინვესტიციების მოზიდვა“, _ განაცხადა იციკ მოშემ.

გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს რეგიონებზე და განაცხადეს, რომ სასურველია ინვესტორებისთვის შეიქმნას რეგიონების საინვესტიციო პროექტების პორტფოლიო, როგორც ერთგვარი გზამკვლევი პოტენციური ინვესტორისათვის.

პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მარტინ რუტოვიცის თქმით, ისინი ცდილობენ, პოლონურ კომპანიებს დაანახონ, რა არის აქტუალური თბილისსა და რეგიონებში. განსაკუთრებულ ყურადღებას კი რეგიონებზე ამახვილებენ. მათ უკვე ჰყავდათ პოლონელი ინვესტორები იმერეთში, სადაც სამწუხაროდ ნაკლები საინვესტიციო შეთავაზებები იყო. ადგილობრივმა მასპინძლებმა დელეგაციის წევრებთან ზოგადად ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გააკეთეს და არ შეხებიან კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს.

შეხვედრაზე მარტინ რუტოვიცი გამოვიდა ინიციატივით, რეგიონში, კერძოდ იმერეთში გაიმართოს ბიზნესფორუმი, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობით, ორგანიზებას გაუკეთებენ სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო და ბიზნესპალატები.

პოლონელი კოლეგის აზრი გაიზიარა გერმანიის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ოლივერ რეგნერმა და დასძინა, რომ მათ იმერეთის რეგიონში უკვე ჰქონდათ ტურისტული და საინფორმაციო ბიზნესტური გერმანელი ბიზნესმენებისთვის. მნიშვნელოვანია, ბიზნესომბუდსმენთან თანამშრომლობა, აგრეთვე, ზოგადი პრობლემატიკის გარდა სპეციფიკური საკითხების განხილვაც, ბიზნესომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობა კი იძლევა საშუალებას, ვილაპარაკოთ პრობლემების შესახებ.

მისივე თქმით, საქართველოში ანტიკორუფციული გარემოა, თუმცა მეზობელ ქვეყნებში ბიზნესის სფეროში თამაშის სხვა წესების გამო, სერიოზული პრობლემაა დემპინგური ფასები. მისი შეფასებით, საქართველოში ზოგიერთი მიმართულებით არსებული რეგულაციები, მაგალითად, უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკითხში, ამძიმებს ბიზნესგარემოს და ერთგვარად უკანგადადგულ ნაბიჯებს წარმოადგენს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეგიონში, თავდაპირველად სავარაუდოდ, იმერეთში ან კახეთში ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელიც რეგიონის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციებს მიეძღვნება. ღონისძიებაში აქტიურად იქნება ჩართული „აწარმოე საქართველოში“, სამხარეო სტრუქტურები და ადგილობრვი მუნიციპალიტეტები.

ბიზნესომბუდსმენი გამოვიდა წინადადებით, საქართველოში მოქმედმა ბიზნესასოციაციებმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დააკავშირონ მათ ქვეყნებში მოქმედ ანალოგიურ უწყებასთან, რაც, მისი თქმით, საქართველოს დაეხმარება საზღვარგარეთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

ბიზნესომბუდსმენის ამ ინიციატივას მიესალმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და განაცხადა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი არხი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის სფეროში არსებულ პრობლემებზე რეაგირებას.

შეხვედრის მეორე ნაწილში, რომელსაც ბიზნესომბუდსმენი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში ისრაელურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემაზე იმსჯელეს, მათ შორის ლაპარაკი შეეხო გურიაში მცხოვრებ ისრაელელ ფერმერზე, იგორ ასკაროვზე ბოლო დღეებში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს. იციკ მოშემ ბიზნესომბუდსმენს გააცნო ინფორმაცია იგორ ასკაროვის საქმეზე 19 ივნისს გურიის სამხარეო პოლიციაში მასსა და პოლიციის ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მოწადინებული არიან, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქმე და საბოლოოდ გადაიჭრას ის პრობლემები, რომელიც ისრაელელ ფერმერს უკავშირდება.

შეხვედრის ბოლოს იციკ მოშემ აღნიშნა, რომ მას აქვს მდიდარი გამოცდილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობის და ამ გზით არაერთი საკითხიც არის მოგვარებული. მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, მათ შორის ახალ ფორმატში, სხვა ქვეყნების ბიზნეს ასოციაციებთან კოორდინირებული მუშაობით.

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 12:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

20 თებერვალი, 2019 , 12:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხ

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნ

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მამუკა ბახტაძე

19 თებერვალი, 2019 , 13:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ