ირაკლია ალასანია: დღეს ოპოზიციამ აშშ-სგან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა
12.04.2012 20:40
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის დღეს გამართული ვიდეო-კონფერენციის შედეგად ოპოზციურმა სპექტრმა ამერიკული მხარისგან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს აშშ-ს საელჩოში ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი ცნობით, ოპოზიციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს იმ აგრესიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ ახორციელებს.
"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი აზრი სრულად მოისმინა. პირდაპირ ვესაუბრეთ იმ აგრესიაზე, რაც ხელისუფლებიდან მოდის ოპოზიციური ძალების და კონკრეტულად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიმართ. ვესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადად, მედიაში შექმნილ ვითარებაზე. ისინი დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში წინასაარჩევნო პროცესებსა და მედიაზე მონიტორინგი დაიწყება, და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს ", - აღნიშნა ალასანიამ



















