უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ოქტომბერი, 2017 10:25
font-size

ისრაელის მედიამ ირაკლი კობახიძე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიდერებს შეადარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს, შეიძლება ითქვას, ადგილობრივი მედიით უპრეცედენტო გამოხმაურება მოყვა. ისრაელს, რომელიც გაფართოებულ რეგიონში ყოველთვის იყო დაინტერესებული პარტნიორების ძიებით, საქართველოდან ახალი გენერაციის პოლიტიკური ლიდერთან შეხვედრებმა საკითხების ბევრად უფრო თამამად დასმის საშუალება მიეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვეყნის სინამდვილისთვის უჩვეულოა მედიის დაინტერესება ოფიციალური, პროტოკოლური შეხვედრებით, ვინაიდან ფოკუსში, წესისამებრ, მოქცეულია მხოლოდ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელსაც ყოველდღე სერიოზული ბრძოლა უწევს, გადაურჩეს მედიის კრიტიკის ქარცეცხლს.

25-26 ოქტომბერს ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება მკითხველს აუწყებდა, რომ ქვეყანას საქართველოდან სტუმრობდა 39 წლის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა ევროპელ ლიდერებს - საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს.

„კობახიძე გამოიყურება როგორც ბრწყინვალე სტარტაპისტი და რომ არა მისი პერანგი და ჰალსტუხი, რთული იქნებოდა მისი გარჩევა რიგითი ახალგაზრდა სტარტაპისტისგან. ისრაელელი რომ ყოფილიყო, ალბათ ჰაი-ტეკის მიმართულებით წავიდოდა. თუმცა როგორც ამაყი ქართველი, ამჯობინებს ქვეყნის სასიკეთოდ სახელმწიფოებრივი ხაზით წასვლას“, - წერს მილიონნახევრიანი აუდიტორიის მქონე ყოველდღიური გამოცემა Israel Hayom.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის (ქნესეთი) თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იერუსალიმის მერთან, ოპოზიციის ლიდერებთან.

ისრაელის ტელეკომპანია TV 20 იტყობინებოდა: „სტრატეგიული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისრაელისათვის საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. საქართველოს პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეწვია ისრაელს - საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილის საპატივსაცემოდ. როგორც ირკვევა, ის ებრაელი ხალხის დიდი მხარდამჭერია. „მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ებრაელი ხალხის და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე პრეზიდენტს, ქნესეთის სპიკერს, იერუსალიმის მერს და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს“, _ განუცხადა ტელეკომპანიას კობახიძემ.

TV 20 აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ „საქართველო, 28 წლის წინ, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაამყარა კავშირები ისრაელის სახელმწიფოსთან, რაც გულისხმობს როგორც სავაჭრო, ასევე ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებსაც“.

ისრაელის მედიასთან შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ თამამად გასცა პასუხი იმ კითხვებს, რომელიც, შესაძლოა, თვით ისრაელის სახელმწიფოს მესიჯები ყოფილიყო.

„შესაძლებელია, საქართველოს საელჩოს იერუსალიმში გადატანა? კობახიძეს ეს არ უარყვია“, წერს Israel Hayom და მოყავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები: „ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი ისრაელს საერთაშორისო ფორუმებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების კენჭისყრების დროს. ყველაფერ დანარჩენზე კი საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების თანხმობა, რადგან როგორც იცით ამ საკითხს აქვს საერთაშორისო სტატუსი. ჩვენსა და ისრაელს შორის მსგავსებები არც ისე მცირეა. ორივე ერთი გაფართოებული რეგიონის ნაწილია და ეს კიდევ ერთი მიზეზია თანამშრომლობის გასაღრმავებლად“.

ისრაელისთვის კობახიძის ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველომ გაეროში პალესტინის განსაკუთრებულ სტატუსს მხარი დაუჭირა. მაშინ ეს ისრაელის დიპლომატიის ჩავარდნადაც კი შეფასდა.

ისრაელის გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემა The Jerusalem Post (მას კითხულობენ მსოფლიო ებრაელობასა და აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც) ირაკლი კობახიძეს ეკითხება იმ ქვეყანასთან საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე, რომელიც ისრაელისთვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. „საქართველო უჩვეულო მაგალითია იმ მხრივ, რომ ის ახერხებს შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები ერთდროულად ისრაელთან და ირანთან. კობახიძემ უარყო მოსაზრება, რომ თითქოს ირანთან მისი ქვეყნის კავშირები და ამ უკანასკნელის მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, დამაბრკოლებელი ფაქტორია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში,“ - წერს გამოცემა და მოყავს ქართველი ლიდერის სიტყვები: "არა მგონია, რომ მას [ირანი] შეეძლოს ურთიერთობებზე ზეგავლენის მოხდენა. თუნდაც მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში იკვეთება, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომები, პოლიტიკა ".

The Jerusalem Post -ის ჟურნალისტთან საუბრისას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა მაშინ, როდესაც საკითხი შეეხო ისრაელის მიერ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეჩერებას.

გამოცემა წერს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვის მხრიდან ზეწოლის შედეგად ქვეყანაში ისრაელიდან სამხედრო საქონლის ექსპორტი შეჩერდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ჰაიფაში ბაზირებული Elbit Systems ტიპის იარაღის მწარმოებელისათვის თბილისთან ახლოს გაეხსნა საავიაციო ქარხანა, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ The Jerusalem Post -ს ინტერვიუს მიმდინარეობისას ასევე აცნობა, რომ უახლოეს მომავალში ისრაელს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ეწვეოდა.

ისრაელის პრესა, ბუნებრივია, საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში გვერდს ვერ აუვლიდა მასშტაბური ანტიისრაელური კამპანიის, BDS-ის („ბოიკოტი, აკრძალვა და სანქციები“) თემას.

The Jerusalem Post-ის ერთ-ერთი შეკითხვაც სწორედ მას ეხებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს BDS, საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები, როგორც ჩანს, არაფრად აგდებენ ისრაელის საწინააღმდეგო კამპანიას.

"რა არის BDS?"- კითხულობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირები ხელშეუხებელია და მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს კონფლიქტი პალესტინელებთან“, - წერს გამოცემა.

ირაკლი კობახიძის ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ქნესეთიც, საიდანაც ირკვევა, რომ შეხვედრები ძირითადად უსაფრთხოებისა და საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნებოდა.

"ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ საპარლამენტო მოლაპარაკებებს, რომელიც რეგულარულად გაიმართება და სხვადასხვა საკითხებზე ფოკუსირდება. თქვენი ვიზიტი ამჯერად უსაფრთხოების საკითხებსა და პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობაზე აკეთებს აქცენტს. მინდა მადლობა ვუთხრა ქნესეთისა და საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს, რომლებმაც მოახდინეს ერთობლივი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული და განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება", - განაცხადა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ქნესეთის სპიკერმა იული ედელშტეინმა.

ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტს ფართო გამოხმაურება მოყვა სოციალურ მედიაშიც. გამოიკვეთა აზრი, რომ ვიზიტისას საქართველო ღირსეულად წარმოადგინა ახალგაზრდა, ევროპული ყაიდის ლიდერმა, რომელსაც შეუძლია თვალი გაუსწოროს ნებისმიერ გამოწვევას, გასცეს პასუხი კითხვებს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს ის. ერთ-ერთი ისრაელელი მედიაექსპერტი კი წერს, რომ მას არ ახსოვს საქართველოდან სხვა ოფიციალური ვიზიტი ასეთი აღიარებით, განსაკუთრებით ისრაელის პრესის მიერ, რომლის ყურადღების მიპყრობაც ზოგჯერ ისრაელის პირველი პირების ვიზიტებსაც კი არ შეუძლიათ.

საქართველოში დაბადებული, დიპლომატიური სტრატეგიის ფაკულტეტის ისრაელელი სტუდენტი სიამაყით წერს, რომ „დიდი წარმატებაა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ასე მასშტაბურად გახმაურდა ისრაელის მედიაში. ეს ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევა!“

ჰაი ტექის სპეციალისტი: იმედი გამოჩნდა, რომ საქართველოში ახალი ქარია განათლებული ახალგაზრდებისთვის.

კობახიძის ვიზიტზე წერს ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარიც. იგი მადლობას უხდის ქართველ კოლეგას ისრაელის თანადგომისა და „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერისთვის. ბარი იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბრისთვის საქართველოში დაგეგმილი ისრაელის დელეგაციის ვიზიტი მომავალ სამუშაო გეგმად გადაიქცევა.

ტრადიციად დამკვიდრებული ფაქტია, რომ ისრაელის მედიის რეაქცია მოვლენის მნიშვნელობის ზუსტი მაჩვენებელია. ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში ხანუქასთვის დაპატიჟებული ისრაელის მრავალპარტიული დელეგაციის ვიზიტის გაშუქების სურვილი უკვე გამოთქვა ისრაელის პრესამ, რომლის წარმომადგენლებიც ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვევიან. ნიშანდობლივია, რომ ამ ვიზიტს ისრაელის საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი - ჰასბარა დაემატება. ეს ტერმინი ისრაელში და მის გარეთ - მსოფლიო ებრაელობაში გამოიყენება, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მხარდამჭერი კამპანია, ისრაელის წარდგენა და მისი პოლიტიკის განმარტება. ამ საქმეში ისრაელის მთავრობის პარტნიორი „ისრაელის სახლია“, რომელიც მეხუთე წელია საქართველოში მუშაობს და ხანუქას დღესასწაულზე ისრაელის დელეგაციის ვიზიტიც მისი პატრონაჟით წარიმართება.

იერუსალიმის მერთან კობახიძის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თბილისს ისრაელის დედაქალაქის მერი ეწვევა. ეს ისრაელ-საქართველოს 25- წლიან ურთიერთობაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა იერუსალიმის მერი საქართველოს ესტუმრება.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტით საქართველო ისრაელის წინაშე წარდგა როგორც საიმედო პარტნიორი, თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სათავეში უდგანან ევროპული ყაიდის ლიდერები. ეს ადამიანები მზად არიან მეგობარ ქვეყანას ღიად ესაუბრონ პრობლემებზე, პასუხი გასცენ გამოწვევებს და ერთად იზრუნონ პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე.

„კობახიძის ვიზიტი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ხედვის, ახალი ფორმატის ერთგვარი ტესტი იყო, რამაც გაამართლა. ამაზე მეტყველებს ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების დაინტერესება კობახიძის პიროვნებით, რომლისგანაც უნდა მოესმინათ საქართველოს გეგმები ისრაელთან მიმართებაში. „ისრაელის სახლი“ ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ამინდის შემქმნელი ორგანიზაციაა და დეკემბერში, ხანუქაში ისრაელიდან დაგეგმილი დელეგაციის ვიზიტიც სწორედ ურთიერთობებში რეფორმატორული მიდგომებით წარიმართება“, - განაცხადა იციკ მოშემ.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ