კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი 10 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე უკვე გადარიცხა.
როგორც კოალიციის წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა თინათინ ხიდაშელმა “მაესტროს” გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას განაცხადა, ივანიშვილმა მყისიერი რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, რაც გაიგო, რომ ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში, საუკეთესო შემთხვევაში, 1500-ლარიანი კომპენსაციით ცხოვრებას სთავაზობდა.
“პირველადი კომპენსაცია, რომელიც მოსახლეობამ უნდა მიიღოს ათი მილიონი ამისთვის არის საკმარისი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაზუსტებით და ხაზგასმით ვამბობ, რომ ივანიშვილი მზად არის ბოლომდე შეავსოს ის დანაკარგი, რომელიც აქვს მოსახლეობას.
ხალხს უთხრეს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1500 ლარით იცხოვრეთო. ამაზე იყო მყისიერი რეაქცია. როგორც კი ეს ბიძინა ივანიშვილმა მოისმინა, მაშინვე თქვა: სასწრაფოდ ფორმა იპოვეთ, რომ ეს უმსგავსოება ქვეყანაში დამთავრდესო. ჩვენი აქტივისტები მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, ოჯახ-ოჯახ დაივლიან, დაითვლიან ზარალს და ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ იმას, რომ ის სიკეთე, რომელიც ივანიშვილისგან ამ ოჯახებისთვის მომდინარეობს, ოჯახებამდე მივიდეს”, - განაცხადა ხიდაშელმა.



















