კომენტარი
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი, - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა.
“ჩვენ ჯარისკაცებს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის. თუ ეს არ მოხდება, იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ამ და ბევრ სხვა განცხადებას და ქმედებას, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად შუღლი და დაძაბულობა გაიზარდოს საზოგადოებაში, იმისთვის, რომ იქნებ ამ დაპირისპირებაში ძალაუფლება შეინარჩუნოს. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ყველაფრის გაწირვა შეიძლება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაიდოს არჩევნებზე. იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
სამი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.