უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (ვიდეო) 08.08.2012 11:00

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიმართ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, 187–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას 1- დან 3 წლამდე.

როგორც საინფორმაციო პორტალი ,,ლაივპრესი“ იუწყება, ნანა ფაჟავა ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფოში დაზარალებული პაციენტის მამიდასთან ინტერვიუს იწერდა, რა დროსაც შეამჩნია, თუ როგორ აფიქსირებდა მის ინტერვიუს სამოყვარულო კამერით უცნობი გადამღები ჯგუფი.

მისივე თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადამღები ჯგუფი „სამეგრელოს მედია ორგანიზაციას“ წარმომადგენლები იყვნენ.

ფაჟავას თქმით, მან უცნობ გადამღებ ჯგუფს მოუწოდა, შეეწყვიტა მისი დაფიქსირება და დაინტერესებულიყვნენ პაციენტის მდგომარეობით, თუმცა, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, „სამეგრელოს მედია ორგანიზაციას“ გადამღები ჯგუფის ოპერატორი მის ამ მოწოდებაზე დაიჯღანა, რის შემდეგაც ფაჟავამ კამერას მიკროფონი დაარტყა.

ნანა ფაჟავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ, „სამეგრელოს მედია ორგანიზაციას“ (smo.ge) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი აფინანსებს და შეიქმნა იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალონ. ფაჟავა აცხადებს, რომ ამ მედია ჯგუფის მთავარი რედაქტორი ყოფილი გუბერნატორის და ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა გოროზიას ყოფილი პრესმდივანი, ლალი გელენავაა.

,,მჭირდება ძალიან ცოტა დრო, რომ დავდო ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები. აუცილებლად დავინტერესდები მათი საბანკო ანგარიშებით. მალხაზ ბასიალაია (სმო.გე-ს რედაქტორი) ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ფინანსდება მისი ნათესავების უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით, ეს არის სიცრუე. ბასილაიას ორგანიზაცია დაკომპლექტებულია არა ჟურნალისტებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებით,“ - აცხადებს ნანა ფაჟავა.