პოლიტიკა
კახა სირაძე და ზვიად ფხაკაძე მფარველობდნენ ამ საქმეს და წესით, ორივე უნდა დააკავონ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას აპირებს. სარალიძემ აღნიშნა, რომ დაელოდება, რომელი მინისტრები დარჩებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში.
სარალიძემ განმარტა, რომ მთავრობის შემადგენლობის მიუხედავად ის მაინც მოითხოვს, რომ შეხვედრას დაესწრონ შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი თეა წულუკიანი.
„ველოდები, რომელი მინისტრები დარჩებიან. აუცილებლად მინდა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გახარია და წულუკიანიც რომ დაესწრნონ. თუ არ დარჩებიან, მაინც მოვითხოვ მათ დასწრებას“, – განაცხადა სარალიძემ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ყოფნისას, სადაც ის ზვიად კუპრავასთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდება.
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომის შეფასებისას სარალიძემ განაცხადა, რომ შსს-ის წარმომადგენლის, კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის პასუხები არაადეკვატური იყო. სარალიძის თქმით, ორივე დასაჭერია.
„მე რომ მთავარი პროკურორი ან გიორგი გახარია ვიყო, ორივეს დავაკავებდი, როგორც კი დაკითხვა დასრულდებოდა. ორივე მათგანი მფარველობდა ამ საქმეს და წესით, ორივე უნდა დააკავონ“, -განაცხადა სარალიძემ.