უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
კახა კალაძეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ მისცეს 30.07.2012 16:30

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ კახა კალაძეს ქართულ ბანკებში მისი პირადი ანგარიშების დაყადაღების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ მისცეს.

როგორც “მედიანიუსს” კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 ივლისს მიიღო. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 27 ივლისს ზემდგომ ინსტანციაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დღეს შეიტყო, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს.

“რამდენადაც კურიოზულად არ უნდა მოგეჩვენოთ, საქმე განილიხა არა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, არამედ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის რიგითმა თანამშრომელმა, ვინმე ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შემატყობინა, რომ რადგან კალაძე ბრალდებული არ არის, მას გასაჩივრება არ შეუძლია”, - აღნიშნა ადვოკატმა.

თადუმაძის თქმით, მან სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა და საქალაქო სასამართლოს რიგით თანამშრომელს მისი განხილვის უფლება არ ჰქონდა.

ადვოკატის თქმით, კალაძის მომდევნო ნაბიჯების შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ბანკებში კალაძის პირადი ანგარიშები 25 ივლისს დაყადაღდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. კალაძე მომხდარს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.