კახეთიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებსა და კერძო ტაქსებს მოძრაობა აუკრძალეს
27.05.2012 12:34
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო კახეთიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები და კერძო ტაქსები არ მოძრაობენ, _ იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სატელეფონო საუბარში მიკროავტობუსების მძღოლებმა განუცხადეს, გუშინ, დილით პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ დღეს კახეთიდან თბილისში მგზავრები არ უნდა გადაეყვანათ.
რამდენიმე კერძო ტაქსის მძღოლმა მგზავრები დილით მაინც აიყვანა სახლიდან, თბილისში გადაყვანის მიზნით, თუმცა საპატრულო პოლიციამ ისინი ჩალაუბანში გააჩერა და 100 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსებს და კერძო ტაქსებს კახეთიდან თბილისში ხალხის გადაყვანა გასული წლის მაისშიც აუკრძალეს, როცა თბილისში „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იმართებოდა.


















