უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
კანიბალისტურ ფაქტებში ბრალდებულს ასამართლებენ 20.06.2012 15:42

კანადელი ლუკა მანოტა, რომელიც ბრალდებულია სასტიკ მკვლელობაში, სხეულის დანაწევრებასა და ასევე, ბოლო დროს განხორციელებულ კანიბალისტურ ფაქტებში, არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ სისხლის სამართლის მეხუთე მუხლის მიხედვით, მათ შორის არც მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიაჩნია პირველი ხარისხის მკვლელობად. ამის შესახებ მონრეალში სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პიერ პანაჩომ განაცხადა, _ იუწყება ABC News.

ბრალდებულის იურისტმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ სანამ შემდგომი სასამართლო პროცესი გაიმართება, განსასჯელს ჩაუტარდეს ფსიქიატრიული გამოკვლევა. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო ხუთშაბათს მიიღებს.

მანოტა სასამართლოს წინაშე ციხიდან ვიდეოკავშირით წარსდგა, რის შემდეგაც ადვოკატმა მასთან საუბარი ითხოვა.

29 წლის ლუკა მანოტტა 4 ივნისს დააკავეს ბერლინში, რის შემდეგაც საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მანიაკი დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა ახალ ამბებს თავის ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 18 ივნისს იგი სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს კანადაში, რადგან არცერთმა ავიაკომპანიამ არ ისურვა მისი ტრანსპორტირება.

კანადის პოლიციის განცხადებით, გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა, რადგან ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი მსხვერპლის, 33 წლის სტუდენტის ცზიუნ ლინის თავი.

შეგახსენებთ, რომ მანოტამ 2012წლის 30 მაისს კანადის მმართველი კონსერვატიული პარტიის ოფისში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ოტავაში მდებარეობს, ფოსტით გააგზავნა ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო ადამიანის მოჭრილი ფეხი. რამდენიმე საათის შემდეგ კი ლიბერალური პარტიის ოფისში მეორე ამანათი მიიღეს, სადაც მოთავსებული იყო ადამიანის ხელი. ამის შემდეგ კი მეეზოვემ სანაგვე ყუთში იპოვა ადამიანის სხეული, რომელსაც არ ჰქონდა თავი, ხელი და ფეხი.