არქივი
საზოგადოება
ხვალ რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება
ისრაელის კვირეულის ფარგლებში, ხვალ, პირველ მაისს, 19.30 საათზე რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“ და მას ისრაელიდან 120-კაციანი დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ხსოვნის საღამოზე დაგეგმილია „ისრაელის სახლისა“ და ქნესეთის თაოსნობით ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მართალად“ აღიარებული სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიებას მეტრეველის შთამომავლებიც დაესწრებიან. „ისრაელის სახლი“ ოფიციალურად მიმართავს იერუსალიმის იად ვა შემის მუზეუმს, რომ სერგი მეტრეველის მსგავსად, მოხდეს სხვა ქართველი შინდლერების - გრიგოლ ფერაძისა და მიხეილ კედიას აღიარება.
ღონისძიებაზე გაიმართება, აგრეთვე, დიდი ალიის 30 წლისთავთან დაკავშირებით ებრაულ და ქართულ ენებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიების კულმინაცია იქნება მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ტიტულის მფლობელის ელისო ბოლქვაძის კონცერტი. ის თბილისს საფრანგეთიდან სპეციალურად ხსოვნის საღამოსთვის ეწვია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ხილიკ ბარი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე და სხვები მიმართავენ. დაგეგმილია ჰოკოლოსტისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე მოკლე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.