ხვალ ბათუმში ეუთოს ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნება
11.05.2012 16:07
ხვალ ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმში”, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნება. მისი სახელწოდებაა: “ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში”. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით,
კონფერენციის მონაწილეებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ეუთო-ს ეკონომიკურ და გარემოს საკითხთა კოორდინატორი გორან სლივანოვიჩი მიესალმებიან.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.
ეუთოს ეკონომიკური კონფერენციის მთავარი თემა ეუთოს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის, მდგრადობის, განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. სამუშო სესიებზე საინვესტიციო გარემოსთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. ეკონომიკური კონფერენცია რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებითაც იმსჯელებს. კონფერენცია 14 მაისს დაიხურება.
ეუთოს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმის ბათუმში 12-14 მაისს
ჩატარების გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გასული წლის ოქტომბერს დუბროვნიკში ოფიციალურად დაამტკიცა.


















