ხვალ დავით ალადაშვილის მუსიკალური ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართება
04.07.2012 21:04
ხვალ, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის წარმატებული მოსწავლის დავით ალადაშვილის კონცერტი.
კონცერტი იმართება სამინისტროს პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პროფესიონალი მუსიკოსების მასტერკლასების ორგანიზებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მუსიკოსმა უკვე ჩაატარა მასტერკლასები თელავში, რუსთავსა და გორში. მასტერკლასებში მონაწილე თხუთმეტივე მოსწავლე კულტურის სამინისტროში საპატიო სიგელით დაჯილდოვდება.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეგიდით.
ცნობისთვის - დავით ალადაშვილი 1990 წელს დაიბადა თბილისში. 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 15 წლის ასაკში კი ჩააბარა სამუსიკო სასწავლებელში. 2007 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში და სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლის წინამოსამზადებელ კოლეჯში.
დავით ალადაშვილი გაიარა მასტერკლასები ისეთ პროფესორებთან, როგორებიც არიან: კარლ ჰეინზ კემერლინგი,დიმიტრი ბაშკიროვი, ალექსანდრე ბანდურიანსკი, ალექსანდრე კორსანტია და ა.შ.
პიანისტს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფესტივალში, ვლადიმერ ნილსენის საფორტეპიანო ფესტივალით დაწყებული, (რომელიც ნიუ-იორკში 2008-2009 წლებში გაიმართა), ავსტრიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიით დამთავრებული.
მიღებული აქვს 2001 წელს - თბილისის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია; 2005 წელს მოსკოვის ვლადიმერ სპიკანოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა; 2006 წელს პარიზის ნიკოლაი რუბენშტეინის საფორტეპიანო კონკურსის გრანპრი მიიღო; ადრეულ ასაკში მიიღო საპრეზიდენტო სტიპენდია და დღეს ჯულიარდის სტიპენდიანტია.
2010 წლის თებერვალში დავით ალადაშვილმა სოლო პარტია შეასრულა კარნეგი ჰოლში, ნიკა რაჭველის და საქართველოს ნაციონალური ორკესტრის თანხლებით. 2010 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო ლინკოლნ ცენტრში „თეთრი შუქის ფესტივალზე“. 2011 წლის მარტში დავით ალადაშვილმა გამართა საკონცერტო ტურნე ჰიუსტონსა და თბილისში.




















