ხვალ სააპელაციო სასამართლოში ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება
20.06.2012 17:23
ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მეორე სხდომა გაიმართება.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომელიც საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ივანიშვილის ინტერესებს პროცესზე ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი დაიცავენ, პრეზიდენტის მხარეს კი თინათინ სირაძე წარმოადგენს, სამოქალაქო რეესტრს - ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი. საქმეს იხილავდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე.
როგორც „მედიანიუსს“ საპელაციო სასამართლოს პირველი სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, წინა პროცესზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც აღიარა, რომ კანონში არ წერია, აქვს თუ არა პრეზიდენტს პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ მოსამართლეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაემართლებინა, სრულიად აბსურდული მოსაზრება წარადგინა.
„მოსამართლის თქმით, რადგან კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტს პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს, საქმე საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევის პრინციპის ანალოგიით განიხილება. მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ საპატიო მოქალაქეობა, მხოლოდ და მხოლოდ, მოქალაქეობის ინსტიტუტისადმი პატივისცემის სიმბოლური გამოხატულებაა და იურიდიული და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევით არც საარჩევნო უფლებები იზღუდება და არც სხვა კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები. ეს არის უბრალოდ სიმბოლური სტატუსი და შესაბამისად, ამ ანალოგიით ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა მიუღებელია. პროცესის მიმდინარეობისას, სხვა ბევრი პროცესუალური დარღვევაც დაფიქსირდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ივნისს გაიმართება“,–აღნიშნა ივანიშვილის ადვოკატმა.
მისივე თქმით, მოსამართლემ ვერ დაასაბუთა, რატომ დაჭირდა სასამართლოს ხუთი თვე ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ სარჩელის განსახილველად, როცა მოქალეობის ჩამორთმევის საკითხი ოთხ დღეში გადაწყდა, ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე გამართული სასამართლო პროცესები კი რამდენიმე დღეში დასრულდა.
„ჯერ მარტო სასამართლო ვადებისთვის თვალის გადავლებით მიხვდება ადამიანი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესები. იმ საქმეებზე, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, სასამართლომ განაჩენი სულ რამდენიმე დღეში გამოიტანა, ხელისუფლებისთვის არასასურველი საქმის სარჩელის განხილვას კი 5 თვე დაჭირდა. სარჩელი იანვარში შევიტანეთ და სააპელაციო სასამართლომ პირველი სხდომა დღეს გამართა. მხოლოდ ერთი კვირის წინ გამართა“,–აღნიშნა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში გაიმართა. მაშინ საქალაქო სასამართლომ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდა, როდესაც ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამიტომ ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა აღუდგინა.. თუმცა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დატოვა, რის გამოც მისმა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.


















