კომენტარი
კომპანია „სვეტს“ დაჩქარებული წესით მისცემენ მშენებლობის ნებართვას - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტს“ დაჩქარებული წესით მისცემენ მშენებლობის ნებართვას და ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, განაახლონ მშენებლობა.
„რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, თითქოს მშენებლობის ნებართვების არქონის გამო ისინი შეფერხებული იყვნენ. ჩვენი სამსახურები ჩართული იყვნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის მიცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ ამის რესურსი გააჩნიათ მათ დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე დღეა, შიმშილობენ. ისინი „სვეტის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლებას და მშენებლობების დასრულებას ითხოვენ.
დაზარალებულებს გუშინ კახა კალაძე შეხვდა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა.