უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მარტი, 2017 14:55
font-size

კომპაქტური, მწვანე და კარგად შეკავშირებული ქალაქი - თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის სამი ძირითადი მიმართულება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, გენგეგმა ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: კომპაქტურ ქალაქს, მწვანე ქალაქსა და შეკავშირებულ ქალაქს.

კომპაქტური ქალაქის კონცეფცია გულისხმობს ქალაქის ტერიტორიის ოპტიმალურად და რაციონალურად გამოყენებას. სალუქვაძის განცხადებით, ახალი გეგმა ითვალიწინებს პოლიცენტრულობას, ანუ, ქალაქს ერთი კი არა, რამდენიმე ცენტრი ექნება, რაც თბილისის უბნებს განტვირთავს.

„ქალაქის პოლიცენტრულობა ამ კონტექსტში არის ძალიან საინტერესო. ესაა სრული სიახლე, იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვართ, რომ გვაქვს ერთი ცენტრი და ყველა სერვისისთვის, ყველა საჭიროებისთვის ჩვენ პრაქტიკულად ამ ქალაქის ცენტრს ვტვირთვათ, განსაკუთრებით სატრანსპორტო მოძრაობითა და არ მარტო. აქედან გამომდინარე, ქალაქს უამრავი პრობლემა უჩნდება, მათ შორის ეკოლოგიურიც, საცობების სახითაც. პოლიცენტრულობა არის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ და, ვფიქრობთ, ქალაქის სხვადასხვა უბანში ამგვარი ცენტრების ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს ქალაქს, რომ განიტვირთოს ცენტრი და ის სერვისები, რომელიც სჭირდება ამა თუ იმ რაიონს, ის სერვისები იყოს მიწოდებული ადგილზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

„მწვანე ქალაქი“ ითვალისწინებს მტკვრის აქტიურ ჩართვას ქალაქის ცხოვრებაში.

„აქ მარტო გამწვანებაზე არაა ლაპარაკი. იქ მდინარესა და ქალაქის ურთიერთობა წამოვწიეთ წინ, რადგან არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პრობლემა არსებობს ქალაქში, მდინარე თავისთვის მიედინება, ქალაქი თავისთვის ცხოვრობს. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ რეკრეაციული ზონების მეშვეობით ჩვენ შევძლოთ და ქალაქში გამავალ მდინარესთან გარკვეულწილად ახლოს მივიდეთ. ბუნებრივია, თავად მტკვრის პრობლემები იქნება გადასაწყვეტი. მიმდინარეობს ეს პროცესები. მერიის მიერ ხდება მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროების გაწმენდა“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძის განმარტებით, მტკვრის ბუნებრივ კალაპოტში არსებული ტერიტორიებს რეკრეაციული ზონის სახე უნდა მიიღონ, რათა იქ არ მოხდეს უკონტროლო განაშენიანება. მისი თქმით, გეგმის მიხედვით, ალტერნატიული მაგისტრალები უნდა აშენდეს, რომლებიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს გაათავისუფლებს, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარკო ზონები გაჩნდება.

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი აპირებს გაზარდოს რეკრეაციული ზონის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 3-4 კვადრატული მეტრიდან 10-11 კვადრატულ მეტრამდე.

სალუქვაძის თქმით, თბილისის ცენტრში ტერიტორიის მხოლოდ 5 % ეთმობა გამწვანებას.

რაც შეეხება დაკავშირებული ქალაქის კონცეფციას, სალუქვაძის თქმით, ესაა სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტა, რაც მეტ წვდომას გულისხმობს ქალაქის სხვადასხვა ნაწილს შორის.

„მესამე ნაწილი კი კარგად შეკავშირებული ქალაქია, ანუ სატრანსპორტო სახის გადაწყვეტები, რომელიც ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება იმ კავშირებზე აქცენტის გაკეთება, რომლებიც ჩვენ ვთავაზობთ, რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ არეალებში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არათანაბრად რომაა განვითარებული, ეს ძალიან კარგად ვიცით, სწორედ ამიტომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასავითარებლად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მიწვდომადობის გაზრდა, ე.წ. განივი კავშირების განვითარება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძის განცხადებით, ქალაქის გენგეგმაზე მუშაობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ანა მებურიშვილი

როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში? (ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტვ პირველი კადრებს ავრცელებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში – მაგრები ხართ ბიჭო, ერთ კაცს დამესიეთ?