კონტროლის პალატა შპს `მენეჯმენტ-სერვისს` 5 მილიონი ლარით დაჯარიმებას უპირებს
14.05.2012 18:30
„ქართული ოცნების“ ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, კონტროლის პალატა შემოწირულობის გადარიცხვის ბრალდებით, "ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფ შპს "მენეჯმენტ-სერვისს" 5 მილიონი ლარით დაჯარიმებას გეგმავს.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ განუცხადა, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უკანონო შემოწირულობების განხორციელების ბრალდებით, შპს "მენეჯმენტ-სერვისს" ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
ადვოკატის ცნობით, ოქმის თანახმად , "მენეჯმენტ-სერვისი" კოალიციაში შემავალი სამი პარტიის, რესპუბლიკური პარტიის, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" სასარგებლო უკანონო შემოწირულობებს ახორციელებდა.
„კონტროლის პალატის მტკიცებით, უსასყიდლო ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესრულების გზით, უკანონო შემოწირულობების ოდენობამ 476 620 ლარი შეადგინა. მონიტორინგის სამსახურის ბრალდებები სრულიად აბსურდული და უარგუმენტოა სინამდვილეში შპს "მენეჯმენტ-სერვისს" მთელი საქართველოს მასშტაბით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ქირით საოფისე ფართები აქვს აღებული, რომელთა ნაწილშიც გარკვეული სარემონტო სამუშაოებია ჩატარებული. აღნიშნული საოფისე ფართები შპს "მენეჯმენტ-სერვისმა" კოალიციაში შემავალ პარტიებს ქვექირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაქირავა. იმ შემთვხევაში თუ თუკი დადასტურდება ეჭვები, რომელიც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით გააჩნია, შპს "მენეჯმენტ-სერვისი" ათმაგი ოდენობის თანხით , ანუ 5 000 000 ლარამდე დაჯარიმდება. კონტროლის პალატა არღვევს კანონს და ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი მყარი არგუმენტები, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისადა დევნის სახე აქვს", - აღნიშნა ბესელიამ.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას კონტროლის პალატის დახმარებით "მენეჯმენტ-სერვისის" გაკოტრება სურს, რათა აღნიშნულმა კომპანია „ქართული ოცნებისთვის“ ოფისების მიქირავება ვეღარ შეძლოს.


















