კუბლაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიზანი არჩევნებში ივანიშვილისათვის მონაწილეობის უფლების მინიჭებაა
08.05.2012 18:58
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადება არჩევნებში ბიძინა ივანიშვილისათვის მონაწილეობის უფლების მინიჭებას ისახავს მიზნად. მან ეს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
„არავის „ქრისტიან–დემოკრატებიდან“ და არც საპარლამენტო უმრავლესობიდან არ დაუმალავს, რომ ცვლილების პროექტის მომზადება იმ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე 2–ჯერ უარი თქვა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. „დიახ, ამ კონკრეტული პიროვნების შესახებ ვსაუბრობ, რომელსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ყოველგვარი გზა უნდა მოუჭრათ. ამ შემთხვევაში მას სრული უფლება ექნება, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს,“ – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ის ნორმები ჩამოთვალა, რომელთა გათვალისწინების გარეშე, საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
„რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, „ქრისტიან–დემოკრატების“ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ცვლილებებს მხოლოდ ერთი პირობით დავუჭერთ მხარს: პირდაპირ უნდა ჩავწეროთ, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს“, –– აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
















